August 13, 2025

“თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე

“6 აგვისტოს სასამართლოში ორი ფაქტი მოხდა: პირველი - გიორგი ახობაძე გაათავისუფლეს და მეორე - მზია ამაღლობელის მუხლი გადააკვალიფიცირეს და 2 წელი მიუსაჯეს. ეს ორი ფაქტი მნიშვნელოვანია დასკვნების გამოსატანად.

ავტორიტარული რეჟიმები ძალიან ხისტები არიან და მანევრირების ნაკლები უნარი აქვთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ სისტემაში, სადაც ყველაფერი ერთ პირზეა ჩამოკიდებული, ამიტომ ეს ორი ფაქტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი მედლის ორი მხარე. საერთაშორისო ზეწოლიდან და ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, “ოცნება” ცდილობს სასამართლოს სახე შეუნარჩუნოს. ამისთვის აუცილებელი იყო ასეთი გამამართლებელი ნაბიჯის გადადგმა. გიორგი ახობაძის საქმე არ ეხებოდა ადამიანის უფლებებს, ის არც მედიის და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, არც პოლიტიკური ფიგურა. ახობაძის სისხლის სამართლის საქმე ნარკოდანაშაულთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი გამართლება “ოცნებას” ნაკლებ ზიანს მოუტანდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”.

 

“იმავეს ვერ გააკეთებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე - თუ მზიას გაათავისუფლებდნენ, ეს ჩაითვლებოდა, რომ მოხდა ზეწოლა ხელისუფლებაზე, მან უკან დაიხია. რაც ასეთ ვითარებაში გამოიწვევს ვერტიკალის რღვევას, რასაც ემყარება “ოცნების” ხელისუფლება. ახობაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს იმის საჩვენებლად, რომ სასამართლო მუშაობს. მზიას საქმეშიც ფაქტობრივად იგივე მოხდა, გადაუკვალიფიცირდა, შეუმსუბუქდა მუხლი, მაგრამ ციხეში დატოვეს. არც ის მეგონა, რომ გიორგი ახობაძეს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ დემოკრატობანა ეთამაშათ და ეს გამოსავალი მოძებნეს. “ქართულ ოცნებაში” მშვენივრად იციან, უკვე უკან დახევა მთლიანად სისტემას ჩამოშლის. გულუბრყვილო უნდა იყო, დაიჯერო, რომ მართლა მოსამართლეებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილებები. ეს ფაქტი რეზონანსს გამოიწვევს სახელისუფლებო წრეებშიც. ახლა, რასაც “ოცნება” კორუფციასთან ბრძოლას უწოდებს, მარტო იმისთვის არ არის, რომ პარტიას ფული შემოაკლდა, აქ მეორე ფაქტორია - იმ ხალხმა, ვინც ამ საქმეებში გარეულია, მათ შორის მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უნდა იცოდეს, რომ თუ რაღაცას ისე არ გააკეთებენ, როგორც საჭიროა, მათაც მოუძებნიან საფუძველს და შეიძლება მათზეც აღძრან სისხლის სამართლის საქმეები.”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ეს რეპრესიები ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ორლესული მახვილივითაა - ერთი მხრივ, ეს დაშინებაა, ჩუმად იყავით, თორემ პასუხს აგებთო; მეორე მხრივ, არის ფული. რატომაც არა, სჭირდებათ! აი, ეს არის დღეს “ოცნების” მთელი პოლიტიკა. მზიას გათავისუფლებას არავინ, არც ხელისუფლების მხარდამჭერები და არც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, არ აღიქვამდა, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს იქნებოდა ნიშანი, რომ ხელისუფლება ზეწოლის გამო იძულებული გახდა უკან დაეხია, მით უმეტეს, როდესაც 24 დიპლომატი პროტესტს გამოთქვამს და ითხოვს ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასეთ ვითარებაში “ქართულ ოცნებას” და, საზოგადოდ, ავტოკრატიულ რეჟიმებს, არა აქვთ ხოლმე რესურსი, ამიტომაც ყოველთვის მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ფაქტია, რეჟიმმა შეარბილა დამოკიდებულება და გადააკვალიფიცირა მუხლი. 8 თვე უკვე გასულია, მას შემდეგ, რაც მზია დააპატიმრეს, წელიწად-ნახევარი დარჩა. ამას შესაძლოა კიდევ რაღაცები გამოაკლდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტმა ყაველაშვილმა შეიწყალოს ყველა დაპატიმრებული. ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება დამოკიდებულება იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესებიც ახლა მიმდინარეობს. აქაც პრობლემა აქვს “ქართულ ოცნებას”, ძალიან მძიმე დღეშია და რა გამოსავალს იპოვის, არ ვიცი. ალბათ, სასამართლო პროცესები გაჭიანურდება და 4 ოქტომბრის შემდეგ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, ან ამნისტიას გამოსცემენ, ან პირდაპირ პრეზიდენტი შეიწყალებს. თუმცა შესაძლოა შერჩევითად გაათავისუფლონ. ახლა “ოცნების” ამოცანაა სრული ბატონობის მოპოვება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

 

“მოსამართლემ მზია ამაღლობელს მიმართა, შეგიძლია შეწყალების თხოვნით მიმართო პრეზიდენტსო. რა თქმა უნდა, მზია არ მიმართავს, მაგრამ პრეზიდენტს ეს არ სჭირდება, ისედაც შეუძლია შეიწყალოს ეს ხალხი. ის, რომ გიორგი ახობაძის მსგავსად, შეიძლება კიდევ ვიხილოთ დარბაზიდან გათავისუფლებული სინდისის პატიმრები, ამის მიზერული შანსია. შეიძლება საპატიმრო მუხლები გადაუკვალიფიცირდეთ და სასჯელი შეუმსუბუქდეთ. ვნახეთ პროპაგანდისტული მესიჯები - იქ, სადაც გამოძიებამ ვერ დადო უტყუარი მტკიცებულებები, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილებაო. ახლა ხელისუფლება შეეცდება საზოგადოებრივი აზრი შეისწავლოს, თუ როგორი განწყობა გააჩინა ახობაძის გათავისუფლებამ საზოგადოებაში. თუ ეს აღიქმება როგორც ხელისუფლების უკან დახევა, არ გამოვრიცხავ, რომ სააპელაციო სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ყველა პატიმარი გამოვა, ერთხანს იქნება ეიფორიული განწყობა, ყველა გამოვა ქუჩაში, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც - თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, მაშინ შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

 

“თუმცა ამას ვერ გააკეთებს ხელისუფლება. მაშინ ამას უნდა მოჰყვეს სამთავრობო ცვლილებები, ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაატაროს - ეს საკითხი ხომ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან?! არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რა შანსი აქვს ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, საკმაო რაოდენობის წარმომადგენლობა ეყოლება პარლამენტში, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რაც ნიშნავს, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, მისთვის კი ძალაუფლებაა მთავარი. ამ კრიზისიდან გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა. - ივანიშვილის კი არა, ის არსად არ წავა, მთავრობის წევრებს ვგულისხმობ. ახალი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, შეწყვიტონ “დიპ სტეიტზე~ ლაპარაკი და ევროპული კურსი დააბრუნონ - აი, ეს განმუხტავდა სიტუაციას. თუმცა ამის გამკეთებელი “ქართული ოცნება” არ არის. ჩემთვის ძალიან კრიტიკულია 4 ოქტომბერი, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, თუ სისულელეებს არ ჩაიდენს”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“იმედია, დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურას არ მივიღებთ - ესეც ოპოზიციაზეა დამოკიდებული. ოპოზიცია მთავრობის მშვიდობიან დამხობას აანონსებს და თანაც 2003 წელი მოჰყავს მაგალითად. ასეთი ზოგადი პარალელების გავლება არ შეიძლება, არ დაგვაყენებს ეს სწორ გზაზე... “ოცნებას” ეშინია დასავლეთის ზეწოლის, უვიზო მიმოსვლის გაუქმების, “მეგობარი აქტის”. როდესაც პროცესები დაიწყება, ეს ხალხში გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას. დღეს რეალობა ასე ყალიბდება - თუ არა ვართ ევროპასთან, მაშინ ვართ რუსებთან. არანაირ ნეიტრალიტეტზე საუბარი არ შეიძლება. როგორც არ უნდა დასრულდეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება “ცივი ომის” სახით. ჩვენი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ქვეყანაში ელემენტარული დემოკრატიული სივრცეები შეიქმნას”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელს ჰქონდა ფურცელი წარწერით “სილა რეჟიმს”... - პასუხობს:

 

“ქართული ოცნება” არ ელოდებოდა მზია ამაღლობელისგან ასეთ ქმედებებს. ფიქრობდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მზიას რაღაცაზე დაითანხმებდნენ, თუნდაც იმაზე, რომ ის პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვდა, მაგრამ მან არ გადადგა ასეთი ნაბიჯი. ეს მართლაც სილაა რეჟიმისთვის, გაცილებით მეტიც, ვიდრე სილის გაწვნა, იმიტომ, რომ ამას მოჰყვა რეზონანსი მთელ ცივილიზებულ სამყაროში და ჩვენი პარტნიორები ახლა მზიას შესახებ ყველგან საუბრობენ. შესაბამისად, გაძლიერდა ზეწოლა ხელისუფლებაზეც. საბოლოოდ რა შედეგი იქნება, ვერ გეტყვით, ვფიქრობ, 4 ოქტომბრამდე არც არაფერი, მაგრამ არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება ცვლილებები”.

წაკითხვა 144 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.