,,პროტესტის გზა და ე.წ. არჩევნების გზა სხვადასხვაა, „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“ არ გამოვა!"- ლევან სანიკიძე
პროტესტის გზა და ე.წ. არჩევნების გზა სხვადასხვაა; აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ არ გამოვა! - ან ხარ რუსთაველზე, ქუჩაში, სასამართლოებში, ან ხარ ბიძინას თამაშის მონაწილე! ერთი მეორეს არა თუ აძლიერებს, არამედ ასუსტებს, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს გრიგოლ გეგელიას აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი დაუპირისპირდა და აქციიდან გააძევა.
სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ პროტესტი გამოუცხადეს არა პიროვნულად გრიგოლ გეგელიას, არამედ “ლელოს“ ლიდერების ახირებას “ივანიშვილის თამაშში შესვლაზე“.
“რუსთაველის გამზირზე ყველა ძალიან კმაყოფილი იქნებოდა “ლელო“ ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებში რომ არ შესულიყო, მაგრამ არაერთი თხოვნის, გაფრთხილების მიუხედავად ვირზე შეჯდნენ და ბიძინას სპეცოპერაციისკენ დაიძრნენ.
დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი და “ლელოს“ ზოგიერთ წარმომადგენელს ჩემი რიტორიკა განსაკუთრებით აღიზიანებდა - პროტესტის გზა და ე.წ. არჩევნების გზა სხვადასხვაა. "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ არ გამოვა!
მე არ ვყიდი რუსთაველის გამზირზე შემოსვლის ბილეთებს, ეს არ არის ჩემი საქმე და პრივილეგია. უბრალოდ ვთვლი, რომ სწორი პოზიცია მაქვს, ვემსახურები იქ მყოფი ადამიანების ინტერესებს და წელგამართული ვდგავარ მათთან ერთად.
ან ხარ რუსთაველზე, ქუჩაში, სასამართლოებში, ან ხარ ბიძინას თამაშის მონაწილე. ერთი მეორეს არათუ აძლიერებს, არამედ ასუსტებს. ეს “ლელოს“ არაერთმა ღირსეულმა ლიდერმა დაინახა, რის გამოც გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
თუ ხარ პროტესტში არ ხარ ბიულეტენზე, თუ ხარ ბიულეტენზე არ ხარ პროტესტში. თუ საკუთარი პოლიტიკური პარტიის და კარიერის გადარჩენა გსურთ, ამის შანსი ჯერ კიდევ არსებობს: თავკერძა პოზიციაზე უარის თქმა და ქართველი ხალხის გვერდით დადგომა. ამას ქომაგის პოზიციიდანაც აღარ ვამბობ, უბრალოდ არ მინდა იმ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რაც გუშინ ვიხილე.
“ლელო“ ამას იზამს? - ძალიან მეეჭვება.
რუსთაველის გამზირზე მდგომები არც მოსეირნეები ვართ, არც მოცლილები. 80 ათასი ლარის ჯარიმა არც მე მაქვს იმისთვის, რომ 24/7-ზე “ლელოს“ რამდენიმე ახლად აღმოცენებული ლიდერი მიმეორებდეს, რომ პროტესტი განილია.
ამიტომ აქვს სიტყვას ოქროს ფასი.
გრიგოლ გეგელია, რომელიც ჩემთვის სულ ერთი ადამიანი არ არის, (ჩვენი ოჯახების მეგობრობის გამო) გუშინ ამ ვითარებაში საკუთარი პარტიის პოზიციის გამო აღმოჩნდა.
კი, პიროვნულად გრიგოლს კი არ გამოუცხადეს პროტესტი, „ლელოს“ და მისი ლიდერების ახირებაზე, ბრძოლის ღალატზე, ივანიშვილის თამაშში შესვლაზე არსებულმა ბრაზმა იფეთქა.
ამიტომ იქნებოდა კარგი დანარჩენებსაც, “ლელოს“ სხვა ლიდერების მსგავსად, აქტიური წინააღმდეგობა გაგეწიათ ლიდერის გაჯიუტებაზე და არ წასულიყავით საპროტესტო ელექტორატის ინტერესის საწინააღმდეგოდ.
ვინმეს უხარია ამ ვითარებაში ყოფნა? - არა!
რუსთაველის გამზირი არ შედის რუსულ სპეცოპერაციაში. ამ ხალხს ლელომ არ მოუსმინა, არ გაითვალისწინა. ლეგიტიმაციას უნდა იღებდე ხალხისგან, ემსახურებოდე მათ და ატარებდე მათ ინტერესს.
არ შეიძლება თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ წასვლა, მითუმეტეს როცა პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს ბედი წყდება!“, - წერს ლევან სანიკიძე.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გრიგოლ გეგელია შენიშნეს. აქციის მონაწილეების განაცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.
სიახლეები
- ,,თვითმმართველობის არჩევნებში „ხალხის ძალა“ წარმოდგენილი იქნება როგორც პარლამენტში, ასევე მუნიციპალურ დონეზე" - გურამ მაჭარაშვილი
- ნარკოტიკების შემოტანა-შენახვა-შეძენა -რეალიზებისთვის 44 პირი დააკავეს
- საფრანგეთში ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს
- ,,ყველას გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო"- ილია მეორე
- ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დაჯარიმდა