„ლელო - ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ მათი ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია
კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მათი ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა.
როგორც რადიო თავისუფლებას პარტიაში ეუბნებიან, საქმე ეხება მათ მიერ გაკეთებულ „130-ლარიან გადარიცხვას, რომლის შესაბამისი საბუთები აქვთ და ეს გადარიცხვა ოფიციალურია“. სხვა დამატებითი დეტალი, ამ დროისთვის, რადიო თავისუფლებისთვის უცნობია.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ხელი შეუშალონ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ბრძოლას.
მისი თქმით, უკანასკნელი დღეებია, „ქართული ოცნება“ კოალიციაზე „იუმორისტულ შეტევას“ ახორციელებს:
„ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ. 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავდასხმას ახორციელებს კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ, მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი - გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“.
ამის პარალელურად, ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო. ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული.
მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
შემოსავლების სამსახურმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახის [მისი მეუღლის] საკუთრებაში არსებული ბინის საქართველოში გერმანიის ელჩისთვის, პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ბინას მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს და არ არსებობს „ქირავნობის ხელშეკრულება“, გასული კვირის ბოლოს გავრცელდა.
მათ შორის, ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედი“.
პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, „ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამ ბრალდებას ციხიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით, „თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენ გასულ კვირაში თავად მივმართეთ საგადასახადო სამსახურს, მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე - თანამოაზრე, მეგობარ და ნათესავ ბადრი ჯაფარიძესთან და სხვა არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად - ახლა ციხეშია.
ის დამნაშავედ ცნეს სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და პატიმრობა მიუსაჯეს.
„ლელო/ძლიერი საქართველო“ მონაწილეობას იღებს 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში. ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტია „საქართველოსთვის“.
ბოიკოტს უერთდება ექვსი ოპოზიციური პარტიაც, მათ შორის „ფედერალისტები“. ასევე - 2024 წლის ოპოზიციურ კოალიციებში შემავალი „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“.
სიახლეები
- ვაშინგტონში ფაშინიანი, ტრამპი და ალიევი სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ
- თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს
- რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქში ტურისტული ბაზა დაბომბეს, არის მსხვერპლი
- ხელვაჩაურში 21 წლის ნასვამმა მამაკაცმა თანატოლი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – შსს-ს მიერ დაკავებულ პირს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
- აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა