“ბიძინამ „გეგმა ბ“ აამუშავა და ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელო“/გახარიას სახით - მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს” - ანა წითლიძე
ბიძინამ „გეგმა ბ“ აამუშავა და ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელო“/გახარიას სახით - მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმიანება.
როგორც წითლიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა „გამოაქვეყნა ის, რასაც თავად დააწერინებს ცესკო-ს, როდესაც დასჭირდება“.
„ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ „გორბი“ ანუ ბიძინა, იმას გამოაქვეყნებს, რაც თვითონ არ აწყობს?
გამოაქვეყნა ის, რასაც თავად დააწერინებს ცესკო-ს, როდესაც დასჭირდება, თუ რეჟიმი არ ჩამოვშალეთ.
იქნებ იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ რასაც ვსაუბრობდით, ზუსტად ის გახდა ნათელი ამ „კვლევის“ პრეზენტაციით?
ბიძინამ „გეგმა ბ“ აამუშავა და ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელო“/გახარიას სახით. მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს. ლეღვის ფოთლებიც ეყოლება. ამით აპირებს ფონს გასვლას.
კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა ვინ არის ბიძინასთვის მთავარი მტერი, რომლის გაქრობის სურვილი მისივე გამოგონილ ციფრებში გამოიხატა.
„არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს“. რეჟიმი უნდა დაინგრეს!“,- წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.
გამოკითხულთა 10,7% „ლელო - ძლიერ საქართველოს“ ასახელებს;
10% - „გახარია საქართველოსთვის“;
9,5% - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;
7,5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3,2% - „გირჩი“;
1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
1,1 % - სხვა პარტიები.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა.
„საველე სამუშაოები: 22 ივნისი - 5 ივლისი. 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია, როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე
ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი
- “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” - გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
- მზია ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან
- “27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი