ევროკომისიის ახალი “დედლაინი” და 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შენგენში უვიზოდ ვეღარ შევალთ

“ევროკომისიის მიერ “ქართული ოცნებისადმი” წაყენებული 8 პუნქტის შეუსრულებლობამ, შეიძლება ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დააყენოს დღის წესრიგში. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, “დედლაინად” 31 აგვისტოა განსაზღვრული. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ იმოქმედებს ბლოკი, თუ დათქმულ დროში რეკომენდაციები არ შესრულდა?

“ქართული ოცნება” უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას “პოლიტიკურ შანტაჟად” აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტი მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს და “კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს”. თავის მხრივ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, ამას შედეგები მოყვება, რათა “საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს”. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ თუ განსაზღვრულ დროში რეკომენდაციები არ შესრულდა, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა დაიწყება, რომელიც გამარტივებულია და შესაძლოა ამას თვე-თვენახევარი დასჭირდეს. ნაწილის აზრით კი, პროცესი შეიძლება გაიწელოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკომისიის ახალი “დედლაინი” და 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შენგენში უვიზოდ ვეღარ შევალთ.

“რეკომენდაციების მიხედვით, “ოცნებამ” უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა; გააუქმოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და საკანონმდებლო პაკეტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს იმ რვა რეკომენდაციას, რომელსაც ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები უნდა უზრუნველყოს და დაიცვას, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა; თავიდან უნდა აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; კერძოდ, გაუქმდეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTI პირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს; საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სიასთან, სადაც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით; ძალისხმევა უნდა გააძლიეროს დაუსაბუთებლად თავშესაფრის მოთხოვნისა და წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად ყოფნის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, მიგრანტების შესაბამისი კატეგორიებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიების ჩატარებითა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით. აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი უნდა შექმნას. ასევე, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის მიმართულებით”, - წერია რეკომენდაციებში.

“ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს, უზრუნველყოს მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო გადაწყვეტილებებს; ცვლილებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით; პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს”, - ნათქვამია რეკომენდაციებში. ევროკომისიის წერილის ადრესატები, მაკა ბოჭორიშვილის გარდა, ასევე არიან: საქართველოს შსს მინისტრი, გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასევე, აღსანიშნავია, რომ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიურის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილის ასლს აქვეყნებს, რომლის ადრესატი ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილია. წერილების შინაარსი თითქმის იდენტურია, თუმცა მახარობლიშვილისთვის გაგზავნილ წერილში რეკომენდაციების შესრულების შესახებ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების “დედლაინად” მითითებულია აგვისტოს ბოლო. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ორ სცენარზე საუბრობს - ერთის მიხედვით, შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი 1-ელი სექტემბრიდანვე დაიწყოს, დაახლოებით 2 თვე გასტანოს და ნოემბერში გადაწყდეს, ან მომავალი წლის იანვრის დასაწყისში. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ევროკავშირში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, რომ ქართველი ხალხი უსამართლოდ არ დაასანქცირონ. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ კახა გოგოლაშვილის აზრით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურას როგორც წესი, თვე-თვენახევარი სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილების პროექტი მომზადდეს და შემდეგ გავიდეს დასამტკიცებლად”, - დასძენს გამოცემა.

“ერთ-ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება მომავალი წლის იანვრის დასაწყისიდან შეგვიჩერონ, ან თუ “ქართულმა ოცნებამ” 1-ელ სექტემბრამდე არ შეასრულა მოთხოვნები, შეიძლება ოქტომბრიდანვე ამოქმედდეს. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უნდა ემხრობოდეს იმ იდეას, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. ერთი პერიოდი, ალბანეთს 9 თვით შეუჩერდა უვიზო მიმოსვლა. საბოლოო დასკვნას ევროპული საბჭო აკეთებს, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი ორგანოა, იქ კონსენსუსი საჭირო არაა და არა 27, არამედ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ პროცესს შეიძლება დაახლოებით ორი თვე დასჭირდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 15 ივლისის შეხვედრამ მკაფიოდ აჩვენა, რომ გადაწყვეტილება საწყის ეტაპზე ნამდვილად მიიღეს, რომ საქართველოს მოსახლეობა უსამართლოდ არ დაასანქცირონ და ასეც გაგრძელდება. უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა, სხვა ქვეყნებიც წავიდნენ ამის წინააღმდეგ და აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყო, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ერთ თვეშიც და მომავალშიც ნამდვილად არ შეიცვლება. საქართველოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოფოციალურ წერილში არაა მითითებული 31 აგვისტო, როგორც ე.წ. დედლაინი, თანაც როგორც საქართველოში, ისე სხვა საპარლამენტო რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანო აგვისტოში ისვენებს. კაია კალასის ეს ზეპირი განცხადება ერთია და მეორეა რა წერია დოკუმენტში. დოკუმენტში ის მიუღებელი პირობები წერია, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა “ქართული ოცნება” აირჩია, ესაა ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვნების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან დაცვა და მრავალი სხვა”, - გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ლეგიტიმურ ხელისუფლებას თავისი წითელი ხაზები აქვს და იმის მცდელობა, რომ ესა თუ ის კანონი უსინდისოდ შეიცვალოს, ასეთი რამ შეუძლებელია. შემდეგშიც შეიკრიბებიან საგარეო საქმეთა მინისტრები და 15 ივლისის მსგავსად ცხარე დისკუსია იქნება. თუ “დამნაშავეა” “ქართული ოცნების” ხელისუფლება, დასანქცირდეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება და არა ხალხი. თუმცა, აქ სხვა მომენტია, თუ რატომ ხდება ე.წ. დამნაშავე ხელისუფლების მიერ ხალხის დასჯა უვიზო მიმოსვლის შეჩერებით? იმიტომ ხომ არა, რომ “ოცნება” ამ ხალხმა აირჩია, თუ მეორე, რომელიც უფრო რეალისტურად მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების როგორმე ხელშეწყობა, რათა საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდეს იმის გამო, რომ ევროპაში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდება? სწორედ აქეთკენ იხრება ევროკრატიის მზაკვრული გეგმები, რომ როგორმე არეულობა მოხდეს იმისთვუის, რომ ამით დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლონ და ხელისუფლება მიიტაცონ, რომლებსაც ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ”,- ამბობს გია აბაშიძე.

“პროექტს კომისია ამზადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტიულებით, ოღონდ უბრალო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შემდეგ, როცა კომისია მოამზადებს გადაწყვეტილებას, შეუძლია გაიტანოს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ისევ და იქ უკვე კვალიფიცური უმრავლესობოთ გადის, ანუ 15-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, რომ ძალაში შევიდეს. ვიზალიბერალიზაცია პირველ ეტაპზე 9 თვით ჩერდება, მალე 12-თვიანი გახდება, როცა ახალი რეგულაცია შევა ძალაში, მაგრამ ახლა 9 თვეა. ამის მერე შეიძლება შეჩერება ავტომატურად გაგრძელდეს, საკითხს ევროკომისია განიხილავს და შემდეგ წევრ ქვეყნებს დაეკითხება გააგრძელონ თუ არა ეს შეჩერება. ამ 9 თვის განმავლობაში კი ქვეყანასთან კონსულტაციები მიდის და ამის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, ჯერ საკითხის დააინიცირებს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა, ამას წევრი ქვეყნები განიხილავენ და თუ იდეას მინიმუმ 14 ქვეყანა უჭერს მხარს, შემდეგ კომისიას ავალებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი შეიმუშაოს. ამის შემდეგ, საკმარისია ეს პროექტი გავიდეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე და კვალიფიციფიციურმა უმრავლესობამ, ანუ 15-მა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს და შეჩერება ძალაში შედის”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 34 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.