“გახარიას და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია"- სანდრო თვალჭრელიძე

“ეს არის ერთგვარი ცდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი ქმედებები “გაათეთროს”. მიხვდნენ, რომ ძალიან მიქარეს პოლიტიკოსების ციხეში ჩასმით. შეეძლოთ მათთვის ამ ბლეფად ქცეული კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის ჯარიმა დაეკისრებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ახლა ცდილობენ ეს როგორმე გამოასწორონ.

მაგრამ ისე ცდილობენ, რომ კიდევ უფრო დიდი სისულელეს სჩადიან - ამ ვითომ პრეზიდენტის შეთავაზება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. შეწყალება, როგორც წესი, უპირობოდ ხდება. განცხადებას, მე როგორც მინდა ისე თუ მოიქცევით, შეგიწყალებთო, გარიგებისა და შანტაჟის ნიშნებიც კი აქვს. უკვე არაერთი პრეზიდენტი გვყავდა: შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, ყველა მათგანი გამოსცემდა შეწყალების აქტებს, სადმე გინახავთ, რომ პატიმრებს უყენებდა რომელიმე პირობას? ყაველაშვილმა კი, რა პრეზიდენტიც არის, იმგვარი შეწყალება შესთავაზა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პლიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოში საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადება არარეალურია...”

“თურმე უნდა სთხოვონ და თან პირობა დადონ, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, არ ვიცი, რა ჰქვია ამას, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. ამით სცადეს დასავლელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევა... ვითარების ისე წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს პოლიტიკოსების ციხეში გაშვება კი არ სურდათ, არამედ იძულებულები შეიქნენ, რადგან კანონი ავალდებულებდათ, და ახლა იჩენენ ამ კეთილ ნებას, რომელზეც ოპოზიცია უარს ამბობს. თუ ჰგონიათ, ამას ვინმე დაუჯერებთ, ძალიან ცდებიან. არავითარი რეალური სურვილი იმისა, რომ ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არა აქვთ. იმავდროულად, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციაში ჩააგდონ შუღლის მარცვალი. იქნება ვიღაც წამოეგოს ამათ შეთავაზებას და დათანხმდეს, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთ დაპირისპირებას გამოიწვევს. კარგია, რომ ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა. ჩემი აზრით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გარეშე სრულიად უშედეგო მგონია. დაუმორჩილებლობის გამოცხადება კი საქართველოს პირობებში განუხორციელებელია. ამგვარი პროცესი მინახავს საფრანგეთში და ამისთვის საჭიროა ძლიერი პროფკავშირების არსებობა ქვეყანაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ხომ გამოცხადდა საქართველოში გაფიცვა, მაგრამ რა გამოვიდა ამისგან? თითქმის არაფერი. არც ერთი საჯარო სტრუქტურა არ გაჩერებულა, არც ტრანსპორტი, არც საკვანძოდ მნიშვნელოვანი წარმოება... მით უფრო ბოიკოტს აზრი ეკარგება, თუ ოპოზიციის ნაწილი წავა არჩევნებზე, ნაწილი კი - არა. გია ხუხაშვილმა თქვა, არჩევნებში მონაწილეობა არაგველების გმირობის ტოლფასი შეიძლება იყოსო, ისინი ხომ მარცხისთვის განწირულ ომს შეეწირნენ, თუმცა პირადად მე სულაც არა მგონია, რომ ბრძოლა ყველგან შეიძლება წინასწარ იყოს წაგებული. მაგალითად, თბილისში. თუ “ლელო” და გახარია მოახერხებენ და შეთანხმდებიან ერთიან და სწორად შერჩეულ კანდიდატზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, კალაძე იქნება თუ ვინმე სხვა ხელისუფლებიდან, დამარცხდება. ვფიქრობ, კანდიდატი უნდა იყოს თბილისში დაბადებული და გაზრდილი; არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული; უნდა იყოს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, მათ შორის პატიოსნებითაც...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ამგვარი კანდიდატის პოვნა რთული სულაც არ იქნება. ასეთი ერთიანი კანდიდატებით ბრძოლა შეიძლება სხვა დიდ ქალაქებშიც, სადაც ხელისუფლებას ძალიან უჭირს რეიტინგიც და არჩევნების გაყალბებაც. რომ ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობა “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციას ნიშნავსო, ჩემი აზრით, ასე სულაც არ არის. პირიქით, თუ მონაწილეობას მიიღებენ, ცხადია, ხელისუფლებას გამარჯვებისთვის დიდი გაყალბება დასჭირდება, რაც უკვე ადგილებზეც მის სრულ არალეგიტიმურობას წარმოაჩენს. სალაპარაკოც გაცილებით მეტი ექნება ოპოზიციას. სხვა შემთხვევაში, “ქართული ოცნება” მაინც მოახერხებს, რომ საკუთარ სატელიტებს, ვითომ ოპოზიციას მიაღებინოს მონაწილეობა და თავისი გამარჯვება ლეგიტიმურად წარმოადგინოს. მოკლედ, ჩემი აზრით, გახარიას პარტიისა და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია. კარგი იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც გადახედავენ საკუთარ პოზიციას”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ამ სხდომის შემდეგ უფრო ცხადად გამოჩნდა, რამდენად აბსურდულია ის ბრალდება, რასაც გახარიას უყენებენ. ეს არის თითიდან გამოწოვილი, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება. რას გვიმტკიცებენ? ადამიანი შს მინისტრი იყო, რა დროსაც თურმე ჩაიდინა დანაშაული, რის მერეც ადგნენ და ეს “დამნაშავე” პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. ასეთი აბსურდი გსმენიათ სადმე? ვერავინ დამაჯერებს, რომ გახარიამ ამ საგუშაგოს ჩადგმა ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილისგან ხელდასხმის გარეშე, სუს-ის უფროსის, თავდაცვის მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრებისგან მალულად გადაწყვიტა. სხვათა შორის მახსოვს, ამ გადაწყვეტილებისთვის თავის დროზე როგორ აქებდა გახარიას გომელაური, ახლა რომ აცხადებს, რომ თურმე არაფერი იცოდა. რაებს ბოდავენ! მთელი მოსახლეობა, იდიოტები ვგონივართ. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ახლა მაია ცქიტიშვილის გარდა ვერავინ ბედავს ამის თქმას, რადგან ეშინიათ... არ გამოვრიცხავ, რომ გახარია ამ სასაცილო ბრალდებით ციხეშიც ჩასვან. ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ჯობს ჯერჯერობით საქართველოში არ დაბრუნდეს”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მარტო მან იცის, როგორი უნდა იყოს საქართველო. ამიტომ განსხვავებულ აზრს, პლურალიზმს, განიხილავს როგორც მასზე შეტევას. ეს არის ნეობოლშევიკური მიდგომა, როდესაც ყველა განსხვავებულად მოაზროვნე მტრად მიგაჩნია. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა ეცადონ, საქართველოში ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობა არ გაუვათ! საქართველოში არსებობს როგორც საკანონმდებლო კოდექსები, ასევე მორალური, ჩვენი რწმენიდან, ისტორიიდან, წინაპრებიდან გამომდინარე დამკვიდრებული, რომლებიც გვავალდებულებს მოყვასის სიყვარულს, ადამიანების დახმარებას - ამას ვერ გააუქმებენ. ამასთანავე, ვერაფერს მოუხერხებენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრებულ “სახალხო ტელეგრაფს”, რომლის წყალობითაც ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ან ოფიციალური, ან არაოფიციალური წყაროების მეშვეობით. ეს არის ეროვნული მეხსიერების შედეგი, რასაც წინ ვერაფერი აღუდგება. ძალიან მარტივად, დაწყებითი სკოლის მოწაფეებივით აზროვნებენ, ფიქრობენ, რომ მიიღებენ ამ უკანონო კანონებს და ამას ყველა დაემორჩილება. ჯერ კიდევ რომაული სამართლიდან მოყოლებული ნებისმიერი კანონის წინა პირობაა, რომ ის საზოგადოების მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“პორტოს დეკლარაციას” საქართველოს დელეგაციამ ხმა რომ არ მისცა, იმით აიხსნება, რომ “ქართულო ოცნებისთვის” ქვეყნის ინტერესები მეათეხარისხოვანია, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე აქვთ საზრუნავი. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სირიას წაეღო უკან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, თუმცა მსგავსი რამ არ გვსმენია ჩვენი ხელისუფლებისგან. ისმის კითხვა: რატომ? ამას აქვს მხოლოდ ერთადერთი ახსნა - ეშინიათ რუსეთის. ჩვენ კი ვამბობთ, რომ პრორუსული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ჩვენ გვყავს მშიშარა ხელისუფლება. ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ როგორმე რუსეთს არაფერი აწყენინონ. ვერ ხვდებიან, რომ დღეს ძალიან მწვავედ დგას საკითხი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ არის. აგერ სომხეთი და აზერბაიჯანიც კი ლამის განუდგნენ მოსკოვს, მაგრამ `ქართული ოცნება~ სად მიჰყვება, არ ვიცი”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მნიშვნელოვნად იცვლება ჩვენს რეგიონშიც ვითარება. ვხედავთ, სომხეთი როგორ ცდილობს გაზარდოს კავშირები ევროპასთან, აქეთ აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ინტერესები იზრდება მნიშვნელოვნად. ეს ქვეყანა თურქეთთან ტანდემში სულ უფრო ანგარიშგასაწევი ხდება...” პასუხობს:

“თვალს ვადევნებთ აზერბაიჯანის ბოლოდროინდელ დაპირისპირებას რუსეთთან, რაც ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების დაკავებით დაიწყო, რა დროსაც ორი კაცი დაიღუპა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების შეცდომა, რასაც უკვე მიხვდნენ. შესაბამისად, ამ ვითარებაში აშკარად ცდილობს რუსეთი მეტ გამწვავებაზე არ წავიდეს, თუმცა ვიხილეთ, როგორ დააკავეს კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა “სპუტნიკის” წარმომადგენლები ბაქოში, რომლებიც ეფ-ეს-ბეს აგენტებად გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, კრემლი მაინც ძალიან ფრთხილობს და ცდილობს მოაგვაროს ვითარება ბაქოსთან. მოკლედ, რეგიონშიც საკმაოდ არეული ვითარებაა, რომლის დალაგება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და საქართველოს შეეძლო ამ ყველაფერში უნიკალური როლი შეესრულებინა, თუმცა დღეს ჩვენ ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ სამწუხაროდ, საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყნად გადაიქცა”.

წაკითხვა 253 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.