"ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
ქალ აქტივისტებზე თავდასხმა ყველაზე სასტიკი ფორმებით არის იმის გამოხატულება, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა ეს რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და „ტვ პირველის“ ოპერატორზე ფიზიკურ ძალადობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვს, რაც მათ უკან მოუბრუნდებათ და ქვეყანა შეიძლება უმართავი გახდეს.
„ეს არის იმის ნიშანი, რომ მათ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვთ. ეს მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის. ისინი დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა. ეს შეიძლება მათ უკან მოუბრუნდეთ და ქვეყანა უმართავი გახდეს. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი“, - განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის „გამაოგნებელია „ქართული ოცნების“ რეაქციები, როდესაც არის პირდაპირი მტკიცებულებები მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ“.
„გამაოგნებელია მსუბუქი რეაქციები, რაც მოჰყვა იმას, რომ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი იდგა წითელ მოედანზე. თურმე შეიცვალა გვარი და დღეს რომანოვია, როდესაც გუშინ იყო ფარცხალაძე. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ დასანქცირებაზე ვერაფერს ვერ იტყოდნენ და პირიქით, უნდა დაეცვათ ფარცხალაძე სანქციებისგან, რადგან მტკიცებულებები არ არსებობდა. დღეს, როცა არის მტკიცებულებები მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, ერიდებიან პასუხისმგებლობას.
ფარცხალაძის ყოფნა რუსეთში ნიშნავს, რომ მასთან ერთად რუსეთში გადავიდა ძალიან დიდი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ამაზე ყველა უნდა ფიქრობდეს დღეს, განსაკუთრებით კი უწყებები, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ