კოვიდ-19 თეთრ სახლში - ვითარება შეერთებულ შტატებში
ახალი კორონავირუსი თეთრი სახლის, სულ ცოტა, ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ერთი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანი ქეით მილერია, მეორე კი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პერსონალური დამხმარე.
თეთრი სახლის თანამშრომელთა ნაწილი 14-დღიან კარანტინში გადავიდა. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ თავად მაიკ პენსი დღეს სამსახურში ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მან ანალიზი აიღო და კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
"ვიცე-პრეზიდენტი პენსი გააგრძელებს თეთრი სახლის სამედიცინო განყოფილების რჩევებით ხელმძღვანელობას და ის კარანტინში არ იმყოფება" - განაცხადა კვირას ოფისის პრესსპიკერმა დევინ ომაილიმ. ვიცე-პრეზიდენტი დღეს შტატების გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენციას მართავს, რომლის მთავარი თემა ახალი კორონავირუსი და ქვეყნის ეკონომიკის ამუშავებაა.
იმის მიუხედავად, რომ ტესტზე მასაც უარყოფითი პასუხი მოუვიდა, თვითიზოლაციაში გადავიდა ექიმი ენტონი ფაუჩი, თეთრი სახლის მთავარი ექსპერტი კოვიდ-19-თან ბრძოლაში. კარანტინშია ასევე თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის ორი წამყვანი წევრი: დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი და სტივენ ჰანი - საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
დღევანდელი მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 1 368 036 ადამიანია ინფიცირებული. კოვიდ-19-ის გამო გარდაიცვალა 80 789 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 256 336.
ნიუ-იორკის შტატი ჯერ ისევ ეპიცენტრად ითვლება, 345 406 ინფიცირებულით და 26 812 გარდაცვლილით. გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ბრძანებით, შტატის 600-მდე მოხუცებულთა სახლის თანამშრომლებს კოვიდ-19-ზე სავალდებულო ანალიზის აღება კვირაში ორჯერ მოუწევთ.
ამერიკაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს შორის, მეხუთედი ხანდაზმულია. ნიუ-იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ხშირად აკრიტიკებდნენ ამ ასაკობრივი ჯგუფისადმი არასათანადო ყურადღების მიქცევის გამო. კვირას გამართულ ბრიფინგზე კუომომ თქვა, რომ ვინც ამ პირობას არ შეასრულებს, სამუშაო ლიცენზიას დაკარგავს.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქში ტურისტული ბაზა დაბომბეს, არის მსხვერპლი
- ხელვაჩაურში 21 წლის ნასვამმა მამაკაცმა თანატოლი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – შსს-ს მიერ დაკავებულ პირს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
- აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა
- “დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები ამოქმედდა - 4 ოქტომბერს გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” - ცესკო
- “საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი” - ირაკლი კობახიძე