რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ დილის შვიდი საათისთვის ტელეგრამზე დაწერა, რომ დაშავებულია ორი ადამიანი.
ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის შესახებ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაც. მისი ინფორმაციით, შეტევა იყო ქალაქებზე, დნეპრსა და პავლოგრადზე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ცნობით, ქალაქ დნეპრში დაშავებული არიან ჩვილი და 4 წლის გოგო. დაზიანებულია კერძო სახლები.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ოდესას. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ბიზნეს-ცენტრი და ინფრასტრუქტურის ობიექტი. რა ობიექტია ეს, ლისაკს არ დაუკონკრეტებია. წინასწარი მონაცემებით, ოდესაში ერთი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული დრონებით შეტევა იყო რკინიგზაზე სუმის ოლქის კონოტოპის რაიონში. დეპოში ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის ჯარების მხრიდან მასირებული შეტევების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგოობიექტებია. ზამთრის ძლიერი ყინვის პირობებში მკაცრად შეზღუდულია ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება.
უკრაინის მხრიდან ენერგოობიექტებზე დარტყმისა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პერიოდულად იუწყება რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ხელისუფლებაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკას უტევს, რათა საზოგადოება დაასუსტოს და გატეხოს, ამიტომ, პასუხად უკრაინა უტევს რუსეთის ენერგეტიკას, რადგან შეუძლებელია ისინი სინათლეში, მშვიდად ცხოვრობდნენ მაშინ, როცა უკრაინელები იყინებიან.
სიახლეები
- ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
- ,,ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს"- კახა კალაძე
- ,,ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია"- შალვა პაპუაშვილი
- კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა
- თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
