სტამბოლის პორტში არ შეუშვეს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande
თურქეთის ქალაქ სტამბოლის საზღვაო პორტის ადმინისტრაციამ პორტში არ შეუშვა საერთაშორისო საკრუიზო ლაინერი, პალაუს დროშით მცურავი Astoria Grande, რომლითაც ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები მოგზაურობენ.
ეს ის ლაინერია, რომლის საქართველოში, ბათუმის პორტში ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა 2023 წლის ივლისში.
Astoria Grande, რომელიც თურქული სააგენტოს, „ანადოლუს” ცნობით, 15 ნოემბერს ანტალიის პროვინციის საპორტო ქალაქ ალანიაში იმყოფებოდა, სტამბოლის პორტს 20 ნოემბერს დილით მიუახლოვდა, თუმცა, პორტში შესვლაზე უარი მიიღო.
საკრუიზო ლაინერი, რომელზეც 600-ზე მეტი მგზავრი, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო რუსეთის ქალაქ სოჭის პორტში, სადაც 22 ნოემბერს უნდა ჩავიდეს.
Astoria Grande-თი საკრუიზო ტურები სწორედ სოჭიდან ეწყობა თურქეთში, ეგვიპტესა და საბერძნეთში.
რუსული სააგენტოები „ტასი“ და „რბკ“ კომპანია „აკვილონის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ სტამბოლის პორტის ადმინისტრაციამ უარის მიზეზი არ განმარტა. რუსული კომპანია „აკვილონი“ Astoria Grande-ს ტურების გაყიდვების გენერალური აგენტია. თავად საკრუიზო ლაინერის მფლობელი და ოპერატორია სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია Goodwin Shipping Limited.
ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ სტამბოლის პორტის ადმინისტრაციის უარი იყო საპასუხო რეაქცია იმ ფაქტზე, რომ ნოემბრის დასაწყისში სოჭის პორტში არ შეუშვეს თურქეთის ქალაქ ტრაბზონის პორტიდან წამოსული სამგზავრო ბორანი Seabridge, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში სოჭისკენ პირველ რეისს ასრულებდა. რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში განაცხადეს, რომ ბორანს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა არ ჰქონდა.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande მორიგი სამოგზაურო ტურის ფარგლებში 2023 წლის ივლისში შევიდა ბათუმის პორტში, რასაც ქალაქში საპროტესტო აქცია მოჰყვა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
