რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
რუსეთის რეგიონებში დაიწყო კამპანია რეზერვისტების ასაყვანად სპეციალური რაზმებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში. ამის შესახებ დღეს, 10 ნოემბერს წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი“.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 4 ნოემბერს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ომის, არამედ მშვიდობიან პერიოდშიც რეზერვისტების გამოყენებას მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად.
„კომერსანტის“ მონაცემებით, რეზერვისტების ასაყვანად მუშაობა უკვე მიმდინარეობს რუსეთის ოცამდე რეგიონში. რეზერვისტები, რომლებსაც პირველ ყოვლისა, „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად გამოიყენებენ, მისცემენ სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, შესაბამისი ხელფასითა და სოციალური გარანტიებით.
გამოცემა „კომერსანტის“ თანახმად, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში რეზერვისტების აყვანა ჯერ კიდევ კანონის ამოქმედებამდე დაიწყეს. მაგალითად, ლენინგრადის ოლქის ხელისუფლებამ ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ დრონებით შეტევებისა და დივერსიების მოსაგერიებლად შექმნილია სპეციალური რაზმი(БАРС-47).
ნოემბრის დასაწყისში თათრეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხი იუწყებოდა, რომ ქალაქების, ყაზანის და ნიჟნეკამსკის ნავთობ-ობიექტების დასაცავად ნიჟნეკამსკიდან ყაზანში სამხედრო შეკრებაზე გაემგზავრა პირველი 21-წევრიანი რაზმი.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში პირველმა 15-მა რეზერვისტმა ერთ-ერთ სამხედრო კომისარიატში უკვე გაიარა ყველა ეტაპი, კონტრაქტებიც გააფორმეს და მომზადების შემდეგ „კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებს დაიცავენ“.
გამოცემის ცნობითვე, ბაშკირეთში რეზერვისტების „მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა“ დრონებისგან უნდა დაიცვან რეგიონის სათბობ-ენერგეტიკული და ნავთობქიმიური კომპლექსის მთავარი ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ბაშნეფტი“ და „უფანეფტეხიმისა“ და „გაზპრომის“ ობიექტები. ეს საწარმოები არაერთხელ იყო უკრაინული დრონების სამიზნე.
უკრაინის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
