September 16, 2025

„ფეთქებადსაშიში ხმები: კაცი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუპირისპირდება" - Bild

გერმანული გაზეთი „ბილდი“ (Bild) ყურადღებას უთმობს უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრის სავარაუდო ვინაობის გარკვევას და აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ფეთქებადსაშიში ხმები: კაცი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუპირისპირდება“ (ავტორი - ქეით ლივინგსტონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვალერი ზალუჟნი, უკრაინის არმიის ექსმთავარსარდალი, ამჟამად კი უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, როგორც ჩანს, პოლიტიკური რევანშისათვის ემზადება - როგორც მისი გარემოცვიდან იტყობინებიან, გენერალს განზრახული აქვს, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, როცა საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.

ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა. არ ყოფილა არანაირი შეტყობინება და არც საარჩევნო კამპანია არის დაწყებული - ომის გამო არჩევნების საკითხი გადადებულია და არავინ იცის, როდის რა მოხდება. და მაინც, ბევრი სიმპტომი უჩვენებს იმას, რომ მზადდება ხელისუფლების შეცვლის პროექტი, რომლის მიზანს მოქმედი პრეზიდენტის, 47 წლის ვოლოდიმირ ზელენსკის 52 წლის ვალერი ზალუჟნით ჩანაცვლება წარმოადგენს.

წინაისტორია: გენერალი პრეზიდენტის წინააღმდეგ


რუსეთ-უკრაინის სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების გათვალისწინებით, რომელიც აშშ-ის 79 წლის პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მონაწილეობით (ან მისი ხელშეწყობით) ახლო მომავალში უნდა გაიმართოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ომის დასრულების შემდეგ სრულიად შესაძლებელია. „ომის დასრულება“ აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს, რადგან, უკრაინის კონსტიტუციის თანხმად, არჩევნები შეუძლებელია, სანამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

ამასთან, ეს განსაკუთრებით ფეთქებადსაშიში ამბავია, რამდენადაც ვალერი ზალუჟნისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ურთიერთობა ძალზე დაძაბული იყო და სტრატეგიული უთანხმოების ფონზე ვითარდებოდა. საბოლოოდ კი, უკრაინის ორ ლიდერს შორის გაჩენილმა უთანხმოებამ საქმე გენერლის თანამდებობიდან მოხსნამდე (2024 წლის თებერვალში) და „ნისლიან ალბიონში“ ელჩად გამწესებამდე მიიყვანა.

წინასაარჩევნო შტაბი უკვე შექმნილია


ლონდონში უკვე მუშაობს ვალერი ზალუჟნის წინასაარჩევნო შტაბი, რომელსაც, როგორც ამბობენ, უკრაინის არმიის ექსმთავარსარდლის ერთგული თანამებრძოლი, გადამდგარი გენერალი-ლეიტენანტი სერგეი ნაევი ხელმძღვანელობს. რასაკვირველია, სრულიად ბუნებრივია, რომ ყოფილ უკრაინელ სამხედრო პირებს პოლიტიკური ბრძოლის პრაქტიკული გამოცდილება იმდენი არ აქვთ, რამდენიც საპრეზიდენტო არჩევნებშია აუცილებელი, მაგრამ გუნდის სხვა წევრებმა თავიანთი საქმე მშვენივრად იციან: მაგალითად, დეპუტატმა ვიქტორია სიუმარმა - ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობიდან“, რომელიც შესაბამის მომენტში საარჩევნო კამპანიას დაიწყებს. იგი ვალერი ზალუჟნის არაოფიციალური საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეს წარმოადგენს.

უკრაინელების მძიმე მოლოდინი ანუ დათმობს თუ არა კიევი მიწებს მშვიდობის სანაცვლოდ?! - რას ფიქრობენ უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები ალასკის სამიტზე?

პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის გარემოცვა კომუნიკაციის სფეროში ფსონს პროფესიონალების მიზიდვაზე აკეთებს. „ბიბისის“ ყოფილი ჟურნალისტი ოქსანა ტოროპი, რომელიც ვალერი ზალუჟნის პირადად იცნობს, მრავალი წლის განმავლობაში, მასმედიასთან მუშაობას კოორდინირებს. რაც შეეხება საერთაშორისო სტრატეგიას, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელია პოლინა ლისენკო, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის ექსმოადგილე.

საინტერესოა, რომ სწორედ ეს უწყება - ანტიკორუფციული ეროვნული ბიურო აღმოჩნდა ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, როცა მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ (რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას წარმოადგენს) ბიუროს პოლიტიკურ დასუსტებას შეეცადა, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - მოსახლეობის პროტესტების გამო.

 

შანსები: ვალერი ზალუჟნის სასარგებლოდ


ამ გეგმებს, როგორც უკვე ითქვა, ჯერჯერობით არაოფიციალური ხასიათი აქვთ. არავითარი ვიდეო, არავითარი გამოსვლა და პიარი ამ ეტაპზე დაფიქსირებული არ არის. თვითონ ვალერი ზალუჟნიც დუმილს ინარჩუნებს.

მაგრამ სოციოლოგიური გამოკითხვები უკვე დიდი ხანია, მიუთითებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე მთავარი და ძლიერი მეტოქე სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ ვალერი ზალუჟნი იქნება, თანაც გამარჯვების კარგი შანსებით.

 

წყარო

წაკითხვა 145 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.