Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირისა და ბლოკის ქვეყნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტრამპის ადმინისტრაცია სანქციების დაწესებას განიხილავს ევროკავშირის ან წევრი სახელმწიფოების იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ციფრული სერვისების შესახებ კანონის განხორციელებაზე“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ზომის განხორციელების შემთხვევაში, ის უპრეცედენტო იქნება.
წყაროების ცნობით, ეს სანქციები, სავარაუდოდ, ვიზების შეზღუდვის სახით იქნება გათვალისწინებული. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება მათი შემოღების შესახებ.
მიმდინარე თვის დასაწყისში სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპაში ამერიკელ დიპლომატებს დაავალა, დაეწყოთ ლობისტური კამპანია ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონის წინააღმდეგობის შესაქმნელად.
გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპა სიტყვის თავისუფლების პატივისცემის დარღვევასა და გადაჭარბებულ ცენზურაში დაადანაშაულა.
მიმდინარე წლის თებერვალში, მიუნხენის რიგით 61-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ევროკავშირის ლიდერები გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებიდან უკან იხევს. ვენსმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია არა მხოლოდ ძირს უთხრის ევროპული სახელმწიფოების შიდა სტაბილურობას, არამედ ეჭვქვეშ აყენებს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის თანამშრომლობის საფუძვლებს. თავისი გამოსვლის დასასრულს, ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელ პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს მისცენ საშუალება თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრები.
ციფრული სერვისების შესახებ კანონი (DSA) ევროკავშირში 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ამ რეგულაციის თანახმად, ციფრული პლატფორმები ვალდებულნი არიან ებრძოლონ რასიზმს, ნარკოტიკებისა და ყალბი საქონლის გაყიდვას, ასევე ბავშვთა პორნოგრაფიისა და დეზინფორმაციის გავრცელებას. პლატფორმებმა უნდა ახსნან, თუ როგორ მუშაობს მათი ალგორითმები, როგორ გასცემენ რეკომენდაციებს და სთავაზობენ ალტერნატივებს. ევროკომისია რეგულარულად უგზავნის საჩივრებს მსხვილ ონლაინ პლატფორმებს, სადაც მოითხოვს DSA-ს დარღვევების აღმოფხვრას და ემუქრება ჯარიმების დაწესებით ან თუნდაც კომპანიების ევროკავშირში საქმიანობის შეჩერებით.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს