ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის საკითხი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ვაშინგტონში 18 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა და ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპის თანახმად, განიხილეს ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის ორგანიზების საკითხი. ტრამპის სიტყვებით, ამ შეხვედრის შემდეგ უნდა შედგეს სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, უკრაინისა და აშშ- ის პრეზიდენტების მონაწილეობით.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაახლოებით 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. უშაკოვის თქმით, მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე მხარეთა წარმომადგენლობის დონის ამაღლების შესაძლებლობა. პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი მას არ უხსენებია. დელეგაციებს ამჟამად ხელმძღვანელობენ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი და პუტინის თანაშემწე.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც რუსეთთან ომის დასრულების გეგმის ნაწილი. ტრამპის თქმით, გარანტიებს ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.
გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს იმედი აქვს, აგვისტოს ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის მოწყობას შეძლებს. ზელენსკისთანაც და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის პირობა.
ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის „ნათელი სიგნალი“ შეერთებული შტატების მზადყოფნის შესახებ, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ევროპული ქვეყნები განიხილავენ 90 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის შეძენას, შემდგომში უკრაინის არმიისთვის გადაცემის მიზნით.
მისი სიტყვებით, ტერიტორიულ საკითხებს პუტინთან განიხილავს.
ვაშინგტონში 18 აგვისტოს დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები.
შეხვედრებზე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი და პუტინისა და ზელენსკის პირადი შეხვედრის სხვადასხვა ფორმატი.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
