“ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მოთხოვნები გაამკაცრა და ყველა საქონელზე 15-20%-იანი ტარიფის დაწესებას ითხოვს” - FT
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მოთხოვნები გაამკაცრა და ბრიუსელთან ნებისმიერ შეთანხმებაში მინიმალური 15-20%-იანი ტარიფის დაწესება დაჟინებით მოითხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის პოზიცია მინიმალური ტარიფის ამჟამინდელი 10%-დან გაზრდის თაობაზე მიზნად ისახავს ევროკავშირის ტოლერანტობის ზღვრის შემოწმებას სავაჭრო შეთანხმებაზე კვირების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ.
როგორც წყაროები Financial Times-თან აცხადებენ, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უარყო ევროკავშირის უახლესი წინადადება ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ და მზადაა, ისინი გეგმის მიხედვით 25%-ის დონეზე შეინარჩუნოს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა FT-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად განიხილავს ევროკავშირთან ორმხრივი ტარიფების დაწესებას, რომლებიც 10%-ს გადააჭარბებს, მაშინაც კი, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება.
ეს ნიშნავს, რომ ევროპულ საქონელზე აშშ-ის ტარიფები, სულ მცირე, ისეთივე მაღალი იქნება, როგორც აპრილში სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებისას იყო.
ევროკავშირის დიპლომატებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ბრიუსელი საპასუხო ზომებისთვის ემზადება. საუბარია 21 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის ქათმის ხორცსა და ჯინსებზე, ტარიფების დაწესებაზე, რომელიც ძალაში 6 აგვისტოს უნდა შევიდეს, ასევე, 72 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ იმპორტზე, მათ შორის Boeing-ის თვითმფრინავებსა და ბურბონზე.
პარალელურად ევროკომისია აშშ-ის მომსახურების სექტორში ზომების მესამე ნაკრებს ამზადებს, მათ შორის, ამერიკული კომპანიების ციფრულ მომსახურებაზე გადასახადებს და ონლაინ რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტზე 30%-იანი ტარიფები ამოქმედდება.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს