სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია დოლმაბაჰჩეში დაიწყო უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება. მონაწილეებს მიესალმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ილაპარაკა.
„ეს შეხვედრა არის პირველი პირდაპირი შეხვედრა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავასრულოთ ომი. მნიშვნელოვანია, ეს იყოს შეხვედრა, რომელიც შემდგომ მოამზადებს შეხვედრას ლიდერებს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებელია მშვიდობის მიღწევა კონსტრუქციული შეხვედრებით. ჩვენი, როგორც თურქეთის ძალისხმევით, ვაპირებთ თქვენს მხარდაჭერას, რათა მიაღწიოთ მშვიდობას და მზად ვართ, ნებისმიერი გზით შევიტანოთ წვლილი, თუ ეს ნიშნავს, რომ ის ომს დაასრულებს“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების დაწყებამდე მედნისკი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, მაიკლ ენტონს. შეხვედრის დეტალები უცნობია.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა სტამბოლში შეხვედრები გამართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის მეთაურთა მრჩევლებთან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკის და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, მიზანი იყო პოზიციების კოორდინირება რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკების წინ.
უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები პირისპირ მოლაპარაკებას პირველად მართავენ 2022 წლის მარტის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე სტამბოლში დაიწყო მხარეთა მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება გუშინ, 15 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ შედგა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან და დღის ბოლოს თურქეთი დატოვა.
სიახლეები
- 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
- სტამბოლში ორი მიწისძვრა მოხდა
- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
- ,,ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს"- შალვა პაპუაშვილი
- ორეოს მილქშეიკი