,,უკრაინა მზად არის დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ აქვს პირობა"- ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავა იმ შემთხვევაშიც, თუ პუტინი უარს იტყვის პირდაპირ კონტაქტზე. ამის შესახებ ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს განუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

ერმაკის თანახმად, თუ პუტინი პირდაპირ კონტაქტზე უარს იტყვის, ეს მსოფლიოსთვის იქნება მკაფიო სიგნალი, რომ მოსკოვს არ სურს მშვიდობა და მზად არ არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, მზად არიან დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ აქვთ პირობა - ცეცხლის სრულად და დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება 15 მაისს სტამბოლში უნდა გაიმართოს. 14 მაისის დილის მდგომარეობით უცნობია, ვინ მიიღებს მონაწილეობას რუსეთიდან.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება. თურქეთში ჩასვლა არ გამორიცხა პრეზიდენტმა ტრამპმა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 13 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული მხარე განაგრძობს მზადებას მოლაპარაკებისთვის, რომელიც ხუთშაბათს(15 მაისს) უნდა ჩატარდეს, დელეგაციის შემადგენლობას კი მაშინ გამოაცხადებენ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის პრეზიდენტი პუტინი.

 

წაკითხვა 68 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.