რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი შეინარჩუნეს
ამერიკელმა რესპუბლიკელებმა უმრავლესობის შენარჩუნება შეძლეს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ამის შესახებ ტელეკომპანიები CBS News-ი და CNN-ი იუწყებიან.
5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების და სენატის წევრთა მესამედის არჩევნები. ამ არჩევნებამდეც წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, ხოლო სენატს - დემოკრატები.
აშშ-ის კონგრესის ქვედა, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო. კენჭისყრის შედეგების შეჯამება ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა CNN-ის ცნობით, უკვე დადასტურებულია კალიფორნიასა და არიზონაში რესპუბლიკელების კანდიდატების გამარჯვება, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტად არჩეული ტრამპის პარტიას უკვე აქვს 218 ადგილი. CBS News-ის პროგნოზით, რესპუბლიკურ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 220-222 წევრი ეყოლება. 5 ნოემბრის არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს 100-წევრიან სენატშიც.
კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს გაუადვილებს თავისი პროგრამის განხორციელებას, მათ შორის გადასახადების შემცირებას, საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და საშინაო და საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციას. 78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
