ტრამპმა თავდაცვის მინისტრად Fox News-ის წამყვანი წარადგინა, მასკს ეფექტიანობის მართვა დაავალა
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.
ტრამპმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს.
ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის დასახელების შემდეგ, პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ „ყველა შოკირებულია“.
დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა. ის 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით.
რეტკლიფის წარდგენისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი. ჰეგსეთის და რეტკლიფის კანდიდატურებს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, სადაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს.
12 ნოემბერს დონალდ ტრამპმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს ფლორიდელი კონგრესმენი, არმიის ვეტერანი მაიკ უოლცი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
