რუსეთმა უკრაინას 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს - G7
იტალიაში გამართული სამიტის შედეგების საფუძველზე, „დიდი შვიდიანის“ (G7) ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინას ზიანის ასანაზღაურებლად 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. თანხა ეფუძნება მსოფლიო ბანკის თებერვლის გაანგარიშებას.
მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ამ ქვეყნებში რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ გადაიხდის მიყენებულ ზიანს.
„ჩვენ კვლავაც ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო წესრიგის ფუძემდებლური ძირითადი პრინციპების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია „დიდი შვიდიანის“ სამიტის კომუნიკეში.
G7-ის ქვეყნებმა ასევე დაგმეს რუსეთის „უპასუხისმგებლო და მუქარის შემცველი ბირთვული რიტორიკა“.
„დიდი შვიდიანი“ მოიცავს საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიას, გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებსა და კანადას. პირველი სამი წევრია ევროკავშირის, რომელმაც მაისში დაამტკიცა რუსეთის გაყინული აქტივების შემოსავლების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად.
G7-ის ქვეყნებმა ადრე ასევე განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე კიევს 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიაწვდიან, რომლის დაფარვასაც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან გეგმავენ.
დასავლეთის ქვეყნებში დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია გაყინული.
რუსეთის რეზერვების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების საკითხი აქტუალური გახდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ვინაიდან ომი უკვე მესამე წელია გრძელდება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
