უკრაინული წყაროები ადასტურებენ ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე დრონებით დარტყმას
რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გამოიწვია უკრაინული დრონებით დარტყმამ. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური წერს კიევში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია.
წყაროთა თანახმად, ნავთობის ბაზაზე ორი ძლიერი აფეთქების შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, რომელმაც დააზიანა ნავთობპროდუქტების პირველადი გადამუშავების დანადგარები.
რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე, ხანძარი 24 იანვარს, ღამით გაჩნდა. რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ხანძარს წინ უძღოდა, სავარაუდოდ, დრონებით შეტევით გამოწვეული აფეთქებები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ ცეცხლი გაუჩნდა „ვაკუუმის დანადგარს“. ოფიციალური ცნობის მიხედვით, არავინ დაშავებულა.
დღეს, 25 იანვარს დილით, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა გამოაცხადა, ხომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტუაფსეზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. ამასთან, ცნობილია, რომ ღამით სამოქალაქო თვითმფრინავების „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ დროებით დაიკეტა სოჭის საერთაშორისო აეროპორტი. ამ ზომას, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო მიმართავენ.
ბოლო დღეებში ხანძრები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზებზე. უკრაინამ დაადასტურა, რომ ამ ობიექტებს დრონებით შეუტია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
