კალიფორნიის შტატში ერთ დღეში ორი მკვლელობა მოხდა
ერთ დღეში ორი მკვლელობა მოხდა ამერიკის კალიფორნიის შტატში. ქალაქ ჰაფ-მუნ-ბეიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა 7 ადამიანი მოკლა, 1 მძიმედ დაჭრა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ, პოლიციას თავად ჩაბარდა. ის 67 წლის ადგილობრივი მკვიდრი ჩჟაო ჩუნლია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
CNN-ის ცნობით, რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 1 ადამიანია მოკლული და 7 დაჭრილი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
22 იანვარს 11 ადამიანი მოკლეს კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეი-პარკში. ქალაქში, სადაც ბევრი აზიელი ემიგრანტი ცხოვრობს, მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მკვლელობის ადგილიდან გაქცეულ თავდამსხმელს მიაკვლიეს მეზობელ ქალაქ ალჰამბრაში და როცა მისი „პიკაპი“ ალყაში მოაქციეს, ეჭვმიტანილმა სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა. ის წარმოშობით აზიელი, 72 წლის ჰუ ცან ტრანი იყო.
ამერიკელების ნაწილი დიდი ხანია მოითხოვს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის მაქსიმალურად შეზღუდვას. 2022 წელს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრების კანონს, რომელიც ითვალისწინებს იარაღის შეძენის მსურველი, 18-21 წლის ასაკის პირების უფრო მკაცრად შემოწმებას. იარაღს ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეიძენს ოჯახური ძალადობისთვის სასჯელმოხდილი პირი. 15 მილიარდი დოლარი გამოიყო სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებისთვის და მოქალაქეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებისთვის.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
