სავარაუდოდ,უკრაინის უშიშროების სამსახურს კიდევ 20-ზე მეტ მაღალჩინოსანს დაატოვებინებენ
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურში საკადრო რევიზია მიმდინარეობს და წყდება 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი.
„სხვადასხვა დონე, სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ საფუძველი მსგავსია - მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები“, - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას.
17 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უშიშროების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. ზელენსკიმ მიზეზად დაასახელა სამართალდამცავ სტრუქტურებში სახელმწიფო ღალატის და კოლაბორაციონიზმის ფაქტების სიმრავლე. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, პროკურატურის და უსაფრთხოების 60-ზე მეტი თანამშრომელი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ. 18 ივლისს, ზელენსკიმ პარლამენტს მიმართა ბაკანოვის გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე თანხმობის მისაღებად. უმაღლესი რადა ამ საკითხზე სავარაუდოდ, დღეს, 19 ივლისს იმსჯელებს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ბაკანოვის პირველ მოადგილეს ვასილი მალიუკს, რომელიც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს ინფორმირებული წყაროების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრიი ერმაკთან დაახლოებული პირია. გამოცემა ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ ბაკანოვს და ერმაკს კონფლიქტი ჰქონდათ პრეზიდენტ ზელენსკიზე გავლენის მოსაპოვებლად.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
