გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს
გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შოლცის თქმით, ეკონომიკური ბლოკის გაფართოებისთვის უნდა მოემზადონ არამარტო გაწევრიანების კანდიდატები, არამედ თავად ევროკავშირიც.
„ამისთვის ევროკავშირმა უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების და გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა, თუნდაც დღეს ეს პროცედურა ერთსულოვნებას მოითხოვს“, – განაცხადა კანცლერმა.
კანცლერის თქმით, აღნიშნულის შესახებ 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე სურს საუბარი. ის ასევე იმედოვნებს, რომ სამიტი სტიმულს მისცემს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ყველა მოთხოვნას პასუხობენ, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებები – ისინი ახლავე უნდა დაიწყოს”, – თქვა შოლცმა.
მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინის და მოლდოვას ოფიციალურ კანდიდატ ქვეყნებად გამოცხადებას. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოს რიგი რეფორმების გატარება მოუწევს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
