"რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს, სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული"
რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის მიესალმება რუსეთთან დიალოგს, თუმცა მიუღებლად მიაჩნია რუსეთის მცდელობა, ევროპა გავლენის სფეროებად დაყოს. მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ პრინციპებად რჩება ჰელსინკის აქტი და პარიზის ქარტია, რომლის ხელმომწერი თავად რუსეთიც არის.
ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და ევროკავშირის იმ პარტნიორების მიმართ, რომლებსაც რუსეთი ემუქრება. მისი განცხადებით, უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს, თუმცა თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მზად აქვს მასშტაბური ეკონომიკური და ფინანსური სანქციები.
„ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია. ეს სავაჭრო ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ თავდასხმა არ მოხდება, თუმცა თუ მოხდება ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მსურს, არ დაივიწყოთ ერთი რამ: რუსეთს და ევროპას საერთო გეოგრაფია, ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ ასევე გვსურს საერთო მომავალი. ჩვენ რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა