არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა - რობერტ რედფილდი
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ განცხადება რობერტ რედფილდმა „სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
„ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მე ვირუსოლოგი ვარ და მთელი ცხოვრება ვირუსების შესწავლას მივუძღვენი. მე არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა და ამ მომენტში იქცა ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ ვირუსად კაცობრიობის ისტორიაში. ჯერ კიდევ ვვარაუდობ, რომ ყველაზე რეალური თეორიაა, რომ ის ლაბორატორიიდან გავრცელდა“, – განაცხადა რედფილდმა.
მისივე თქმით, „ჩვეულებრივ, ბუნებრივ პირობებში ვირუსს გარკვეული დრო სჭირდება, რათა ის ეფექტურად გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს“.
ამავე ინტერვიუში რედფილდმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის შემოდგომიდან გავრცელდა.
„ასეთია ჩემი შეგრძნება, ეს ჩემი მოსაზრებაა“, – განაცხადა ვირუსოლოგმა.
რობერტ რედფილდი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პერიოდში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ „სიენენთან“ ინტერვიუში რედფილდს არ წარმოუდგენია ან დაუსახელებია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა თეორიას, რომ კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
პეკინში ამ თეორიას კატეგორიულად უარყოფენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
