"არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს.
ოპოზიციონერი წერილში ეხმაურება სხვადასხვა საკითხს, მათ შორის პროტესტის მნიშვნელობას, სალომე ზურაბიშვილის და სხვა პოლიტიკოსების როლს მიმდინარე პროცესებში.
„პრაქტიკულად, გონზე არ ვარ გარეთ რა ხდება.
კი, ადვოკატები მაწვდიან ინფორმაციას ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე.
კი, თუ TV-ს ქონის უფლება მომცეს, ნიუსებს მივადევნებ თვალს ყოველდღიურად, მაგრამ ეს ის საკმარისი ინფორმაცია არ არის, რაც მე მჭირდება დასკვნების გასაკეთებლად და მითუმეტეს, რჩევების მოსაცემად.
ბევრი სხვა სახის ინფო მჭირდება, რომელიც გარეთ “პოლიტიკოსისთვის” ხელმისაწვდომია, აქ კი არა.
ინფორმაციის იმ მოცულობას, რომელსაც თავისუფლებაზე იღებ ყოველდღიურად, აქ ვერც ადვოკატი შემოგიტანს და ვერც TV მოგაწვდის (რომელსაც გარეთ დიდი ხანია აღარც ვუყურებ).
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტთან არ გაქვს წვდომა, რაც ამ დროში განცდას გიჩენს, რომ დიდი მოცულობის external drive გამოგაძროს ან საყოველთაო გონს მოგწყვიტეს.
მინახავს ადამიანს რომ დაიჭერენ ხოლმე, საკნიდან იწყებენ ხოლმე ჭკუის დარიგებას, თითქოს აქედან უკეთ ჩანდეს რა ხდება ქვეყანაში და რა არის გასაკეთებელი.
არ ჩანს. პირიქით.
ერთადერთი, ერთადერთი!!! უპირატესობა რაც აქ გაქვს, ფიქრის დროა.
იფიქრე რამდენიც გინდა, არ არსებობს distraction. მაგრამ ეს ვერ აკომპენსირებს, რაც ზემოთ დავწერე იმას.
ხელით წერას გადავეჩვიე. დიდი ხნის წინ ვამბობდი, ხელით წერა გაქრება - თქო და აჰა, carma is a bitch. თუმცა, მეგონა უფრო გამიჭირდებოდა, ბევრი გადასასწორებელი მექნებოდა და მოკლედ დავწერდი. ყველაფერში ვცდებოდი. ახლა მთავარია ეთომ გაარჩიოს რას ვწერ”, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
მისი თქმით, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მარტო იმას დაწერს, რაც გარეთაც სწორი ეგონა და ახლაც 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ სწორია.
მისი თქმით, რუსთაველის პროტესტი აჩვენებს, რომ ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, თუნდაც პოლიტიკოსების გარეშე.
“რუსთაველის პროტესტი:
პირველი ამას ვწერ იმიტომ, რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია დღეს. ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება საჯარო გამოხატვის ფორმები იმისა, რომ არ დავნებდით და ვიბრძვით. არსად სხვაგან ეს არ ჩანს, ისე, როგორც საღამოობით რუსთაველზე.
პოლიტიკოსის ჩატარებული ბრიფინგი, ან თუნდაც დაჭერილი პოლიტიკოსი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ვიღაც “პოლიტიკოსი” იბრძვის.
რუსთაველი აჩვენებს, რომ ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, თუნდაც პოლიტიკოსების გარეშე.
ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგოს წერს, ყველა, ვისაც ეს არ ესმის, რუსთაველზე არ ყოფილა დიდი ხანია.
ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, როგორც უნდა ისე იბრძოლოს, სხვანაირად დაორგანიზდეს, მაგრამ რუსთაველი უნდა შენარჩუნდეს როგორც გამოხატულება იმისა, რომ მიუხედავად მოწყობილი ჯოჯოხეთისა, არ გავტყდით და ვაგრძელებთ ბრძოლას”, - წერს წერილში ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე ასევე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის როლს. მისი თქმით, მას შეუძლია დასავლეთს ელაპარაკოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმაციის მქონე პირმა და ელაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე, „ესაა მისი როლი და ნუ მოსთხოვთ დიმიტრი გელოვანობას“.
“სალომე ზურაბიშვილი
ტყუილად არ ვწერ მეორედ ამ პუნქტს, ამდენად მნიშვნელოვანი მგონია.
ცოტა ვინმე ყოფილა უფრო კრიტიკული სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ვიდრე მე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ:
ა) ჩვენ გვჭირდება რაიმე ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი. გარეთ სამუშაოდ გვჭირდება. ასეთი მხოლოდ ერთი გვაქვს ამ წუთას.
keep institutions alive - არის ფრაზა, რომელიც ხშირად მომისმენია ჩვენი მეგობრებისგან. სალომე ვერ იქნება ისეთი ქარიზმატული, რომ მასები დაძრას, ვერც საუკეთესო მოდებატე გახდება ქართულად და ვერც ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს მოჰყვება სხაპა-სხუპით. ასეთი არც არავინაა, მაგრამ მას შეუძლია დასავლეთს ელაპარაკოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმაციის მქონე პირმა და ელაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე. ესაა მისი როლი და ნუ მოსთხოვთ დიმიტრი გელოვანობას. ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი აქვს.
ბ) მე არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება.
მე მჯერა, რომ ჩვენ ახლა რუსეთს ვებრძვით.
ბომბები არ ცვივა, მაგრამ ბევრი ტყუილი ცვივა და თუ არ დაიჯერებ და წინააღმდეგობას გაუწევ, მინივენში გაწამებენ ნიღბიანი ტროგლოდიტები.
ამის დამარცხება შეიძლება მხოლოდ ძალით. ძალა ერთობაშია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ.
თუ სადმე არსებობს ძალების გაერთიანების პოტენციალი, ეს ისევ სალომე ზურაბიშვილის “წინააღმდეგობის პლატფორმაა”.
ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ვისაც როგორ წარმოუდგენია ისე იბრძოლოს, ამ რეალობაში, ყველაფერი მოსულა, ჩემი აზრით.
მაგრამ პოლიტიკურმა პროცესმა და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა საბოლოო ჯამში თავი უნდა მოიყაროს ერთ ადგილას, და სხვა უკეთესი ადგილი, ვიდრე “წინააღმდეგობის პლატფორმაა” ვერ შევქმენით ამ წუთის მდგომარეობით.
გ) თავს ვერ დავდებ, რომ ადამიანებში საოცრად ვერკვევი და ჩემი პოლიტიკური ცხოვრება უფრო ალბათ საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ურთიერთობის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ ის ვერ იტანს რუსეთს. დარწმუნდა, რომ ქოცები რუსები არიან. ძალიან გაბრაზებულია, რომ რუსეთს მისცა საშუალება ის გამოეყენებინათ მანამ, სანამ ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენდნენ.
ეს ბრაზი მგონია, რომ გამოსაყენებელია. გარეთ ალბათ ამ მესამე პუნქტს არ დავწერდი საჯაროდ, მაგრამ აქედან მოსულა მგონი”, - წერს ჯაფარიძე.
პოლიტიკოსი საუბრობს სასამართლოზეც, მისი თქმით, სასამართლო დღეს არის ადგილი, სადაც ბოროტებას შეგიძლია ჩახედო თვალებში.
“სასამართლო
სასამართლო დღეს არის ადგილი, სადაც ბოროტებას შეგიძლია ჩახედო თვალებში. აქ იყრის თავს რეჟიმის ტყუილები და აქ აღსრულდება ყველაზე დიდი ბოროტება - უდანაშაულო ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს.
სიცოცხლის დაკარგვა მხოლოდ სიკვდილი არაა.
ნებისმიერი ჯარიმა, რომელშიც ათასებს ახდევინებენ ადამიანებს - დაკარგული სიცოცხლეა, რადგან იმ ფულის გამოსამუშავებლად ვიღაცებმა საკუთარი სიცოცხლის დრო დახარჯეს.
ნებისმიერი წუთი, დღე, კვირა, თვე, წელი თავისუფლების გარეშე - დაკარგული სიცოცხლეა, ან სიცოცხლის ნაწილი მაინც.
ეს ხდება დღეს, ყოველდღე სასამართლოში - ტყუილების გამო ადამიანებს აკარგვინებენ სიცოცხლეს.
მე არ მჯერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს საზოგადოება, რომელიც არ აფასებს ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს ამ ბრძოლაში.
ამიტომ მგონია პოლიტიკური ტყვეების სასამართლოებზე სიარული მნიშვნელოვანი”, - წერს წერილში ოპოზიციონერი.
ზურაბ ჯაფარიძე ასევე მარშების როლზე საუბრობს.
“ყოველკვირეული მარშები
ვიქენდზე მარშები გახდა წინააღმდეგობის საჯარო დემონსტრირების მეორე რეგულარული ფორმა, რუსთაველის ყოველდღიური პროტესტის შემდეგ. აქ მთავარი სიტყვა “რეგულარულია”. თუ მოხერხდა ამ მარშების შენარჩუნება და ყოველ ვიქენდზე ორგანიზება, იქნება ძალიან კარგი. მაგრამ 2 პრობლემას ვხედავდი, სანამ გარეთ ვიყავი:
ა) ეს მარშები არ პიარდებოდა წესიერად, არც TV-ებში და არც სოც.ქსელებში. არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ისევ სტანდარტული “გრუზინული” ეჭვიანობა, კონკურენცია, უნდობლობა და ა.შ.”, - წერს ის და დასძენს, რომ „საკმარისია, ვინმემ რამე ინიციატივა გამოიჩინოს და ეგრევე იწყება: რატომ მარში? რატომ იქიდან აქეთ და არა აქედან იქეთ? რატომ შუადღისას? რატომ კვირას? მე რატომ არ მითხრეს, რომ გეგმავდნენ? რატომ არ შეიძლება ჩემი გრიზლი წამოვიყვანო? არ იკბინება.”.
ზურაბ ჯაფარიძე სხვა პოლიტიკოსების როლზე საუბრისას წერს, რომ „მოგწონთ პოლიტიკოსები თუ არა, ამ ბრძოლაში წინა ხაზი მაინც მათზე გადის და ეს ხაზი თუ ჩამოიშალა, უკანა ხაზების „გადათელვა რეჟიმისთვის გაცილებით იოლი“ იქნება.
“ პოლიტიკოსები
დაჭერამდე სადღაც სტატუსი დავწერე, სადაც ვამბობდი, რომ პოლიტიკოსებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი პრობლემებით და პასუხისმგებლობებით. ვიღაცამ დამიკომენტარა არაო, პოლიტიკოსებს პრივილეგიები გაქვთ და მეტი მოგეთხოვებათო.
მერე ვფიქრობდი, რა პრივილეგიები მაქვს ან მქონია - თქო და ვერაფერი გავიხსენე, გარდა იარაღის ტარების უფლებისა (რომელიც ორჯერ შემიჩერეს 3-3 წლით)
ეს ტრენინგებზე ნასწავლი წარმოდგენები პოლიტიკოსებზე პრობლემა მგონია. სადღაც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ფორმულა ალბათ სწორი იქნებოდა: პრივილეგიები = მეტი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ, ამ მოცემულობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რა პრივილეგიებზეა ლაპარაკი?
ყველა პოლიტიკოსი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ვისაც აშინებენ, ემუქრებიან, აჯარიმებენ, ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, კვერცხებს ესვრიან, “ზელიონკას” ასხამენ, იჭერენ და ა.შ ეს არის დღეს ნებისმიერის გარდაუვალი ხვედრი, ვინც რეჟიმს წინააღმდეგობას უწევს.
სადაა აქ პრივილეგია? რომელ ავტორიტარულ რეჟიმში არსებობს პრივილეგიები ოპოზიციური პოლიტიკოსებისათვის?
მოგწონთ პოლიტიკოსები თუ არ მოგწონთ, ამ ბრძოლაში წინა ხაზი მაინც მათზე გადის. ეგ ხაზი თუ ჩამოიშალა, უკანა ხაზების გადათელვა რეჟიმისთვის გაცილებით იოლი იქნება. აი, ჩუმად ვინც არიან და ჰგონიათ, რომ ასე გადარჩებიან, შემდეგი ეგენი იქნებიან გარანტირებულად. ჟანრის კანონია.
თუ არ გავჩერდი, ვხვდები, რომ დაუსრულებლად შემიძლია. აქ სულ დადიხარ, ფიქრობ, აზრები მოგდის და მოწეულზე რო გგონია, ყველა აზრი გენიალურია, ეგრე ხარ, არ ვიცი რატომ.”, - წერს წერილში ჯაფარიძე.
ასევე, ჯაფარიძე წერილში მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებიც მის პროცესზე მივიდნენ.
“მადლობის თქმა ვერ მოვასწარი იმ ხალხისთვის, ვინც ჩემს პროცესზე მოვიდა, ამიტომ აქედან გეტყვით: უღრმესი მადლობა!
ჯამში ნორმალურად ვარ, როგორც შეიძლება აქ იყო. ბევრს ვკითხულობ“, - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე წერილში და აღნიშნავს, რომ „თუ თავისუფლება არ გაქვს - არაფერი არ გაქვს, ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ”.
ბოლოს ჯაფარიძე წერილში აღნიშნავს, რომ ჩაბარდა სასამართლოს დადგენილება 5 0000 ლარი 4 თებერვალს გზის გადაკეტვისთვის.
“გამიშვით! ვიხდი!”, - წერს ჯაფარიძე.
სიახლეები
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"