"პარლამენტში თუ ხარ, უნდა იყო ყველგან, იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით"
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბოიკოტისტობა რა ნიშნავს, კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოს მათი შეცდომები. არიან ნახევრადბოიკოტისტებიც – „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ”? დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია. სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა – მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით.
თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.
ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება? ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“, – წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
