"მოგიწოდებთ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან
ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, რომელსაც, უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა სამძიმარი გამოვთქვა ბახმუტში დაღუპული ქართველი გმირების გამო. სამძიმარი გამოვთქვა არა მარტო მათი ოჯახების, მეგობრების და ჭირისუფლების მიმართ, არამედ მთელი საქართველოს მიმართ, ვისაც დაგვრჩა ღირსება და ზნეობა, ვიგლოვოთ საკუთარი გმირები. ასეთი ზნედაცემულობა, რასაც ხელისუფლება ჩადის, საერთოდ არ მახსენდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არ მახსენდება სიკვდილის ირგვლივ არ გაერთიანებულიყოს ერი, არ მახსენდება, გლოვას არ გავეერთიანებინეთ. არც ის მახსენდება, ასე უმწეოდ ვხვდებოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ღირსების აყრას. სამწუხაროა, რომ ჯერაც არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ ხელისუფლებისგან რაიმეს მოლოდინს არავითარი რაციონალური საფუძველი არ აქვს. სამწუხაროა, რომ ჯერაც ვერ მოვიშალეთ ამ ხელისუფლების დამუნათება და მოწოდებები, იმოქმედონ მორალური კანონის შესაბამისად და გულის პატრიოტული კარნახით. მგლის თავზე სახარების კითხვაა, მორალი მოსთხოვო არამორალურს, პატრიოტიზმი მოსთხოვო სამშობლოს განცდის არმქონეს, ჰუმანურობა მოსთხოვო სადისტს.
მოგიწოდებთ, შევწყვიტოთ ეს მოლოდინები და რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით. მოვრჩეთ უსაფუძვლო მოლოდინებს და ვიმოქმედოთ თავად! ამ ტრაგედიით დავიწყოთ! – არ გლოვობს მთავრობა, ვიგლოვოთ ჩვენ! რაში გვჭირდება მთავრობა და მის მიერ გამოცხადებული გლოვის დღე? გავმართოთ წუთიერი დუმილის აქციები, შენობებში თუ გარეთ, სამსახურში თუ სუპერმარკეტებში! 1 დღით მაინც გავაჩეროთ ცეკვა-თამაში და გართობა ტელევიზიებში (ყველა გემოვნების ტელევიზიებს ვგულისხმობ)! უარი ვთქვათ ცეკვა-თამაშში მონაწილეობაზე! ვატაროთ შავი სამკლაურები ან გლოვის სხვა სიმბოლიკები! ვისწავლოთ გადაწყვეტილებების თავად მიღება! ვისწავლოთ თვითორგანიზება! გავაცნობიეროთ, რომ მთავრობა არ გვყავს, და რაც გვყავს, ის მთავრობა არ არის, რამეთუ გამოხატავს არა ჩვენს აზრს და იცავს არა ჩვენს ინტერესებს!
ვისწავლოთ ცხოვრება ამ მთავრობის გარეშე და მათი დღის წესრიგის მიღმა! ვისწავლოთ ეს, შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, თუ გვინდა რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა!“ - წერს გვარამია.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი