"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია"
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა.
გახარია საბჭოთა ოკუპაციის დღეს იხსენებს და აღნიშნავს, რომ დღეს, ოკუპაციიდან საუკუნის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ეს თარიღი კიდევ უფრო ტრაგიკულად აღიქმება.
„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, ოკუპაცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ არის და დღესაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. 25 თებერვალი არის დღე, რომელმაც საუკუნის წინ უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დააშორა ევროპულ არჩევანს!
საუკუნის შემდეგაც, დღეს არის რეალობა, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას. საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს!
ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ!“- აცხადებს გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ ის, ქართველი ხალხის ნაწილთან ერთად არ ეთანხმება ქართული ხელისუფლების პოზიციას უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.
„მივმართავ უკრაინელ ხალხს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს,“- ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
