შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა - გიორგი კეკელიძე
არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი. ღრუბელი მაინც იყოს, ქარი მაინც ქროდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე წერს.
"დაკრძალვიდან უკან რომ დაბრუნდები, სახლში შეხვალ და ჩამოჯდები. სამი-ოთხი წუთი და სამუდამოდ გასაბატონებლად გამზადებული გულგრილი სიჩუმე უცებ გოჭის ჭყვიტინით ირღვევა. ბებიას თითქოს რცხვენია, რომ იმხელა ამოუცნობი და მისტიკური ამბიდან, როგორიც გარდაცვალებაა, აი, მაგალითად ბაბუას გარდაცვალება, ასეთ უბრალო საკითხზე ისაუბროს, ცოტას წრიალებს და ბოლოს მეტყვის: ,,გამუუშვი გოჭი, ეტყობა ბოსტნაშია ჩაკეტილი’’. მე გავალ და მეზობლის ბავშვს დავინახავ, დაგროვილ სილაში სათამაშო მანქანით ერთობა. უცებ მახსენდება, რომ თამაშიც არსებობს, ეს ერთი კვირაა დავიწყებული თამაში. გოჭი გახარებული გამორბის, მე კი ხელი გამეჭრა ჭიშკრის საკეტზე. სახლში იოდი არაა. მეზობელთან გადავალ. იქ ტელევიზორია ჩუმად ჩართული. რაღაც ფეხბურთი გადის. პენალტების სერია. ,,დარჩი, უყურე ბოლომდე, აფერი არ უჭირს’’
სიცოცხლე სიკვდილზე სულ ასეთი, მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს და გაბრუნებს საკუთარ სახლში: უცაბედი მობილურის ზარით, გამოსაბერტყი ღუმელის მილებით, დასაგები ლოგონით და მრავალი მსგავსით. მსგავსი არამაღალი, მაგრამ მაღალზე მთავარი ამბით.
მაგრამ ერთია : შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა", - წერს გიორგი კეკელიძე.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"