საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ამ დღეს საქართველო მეთერთმეტედ აღნიშნავს.
სახელმწიფო დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საგანგებოდ გამოიფინება საქართველოს ეროვნული დროშები.
ამ დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს აივნებიდან გადმოიფინება დროშები.
სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
„ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულება - ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ. სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი“.
საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
