დღევანდელი სიკვდილით, ქართული მედია თავიდან დაიბადა - მაია ასათიანი
ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა.
"20 წლის წინ, როდესაც ჩვენ გიორგი სანაია მოგვიკლეს, მაშინ ჩვენ, დამწყები ჟურნალისტები ვერ ვაცნობიერებდით, რომ ის იყო ხელისუფლების სიკვდილი და ის ხელისუფლება წავიდა. მერე იყო 7 ნოემბერი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ იმ ხელისუფლებასაც აღარ ადგა დიდი დრო. ახლა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ელისუფლება მედიასთან ომში, ყოველთვის წაგებული გამოდის. ამიხსენით ხალხო, რა არის ეს ქართველობა, როდესაც ორმოცი კაცი ერთ სასიკვდილოდ გამეტებით ურტყამს. როდესაც ის ერთი ოპერატორი პატარა, 20 წლის გოგონას გადაეფარა და საკუთარი სიკვდილით გადაარჩინა. რა არის ქართველობა, ამიხსენით, ქრისტიანობა რის თავმდაბლობა, შემწყნარებლობა, დევიზი - არ განიკითხო და მთავარი - არა კაც კლა. სად ვართ ახლა ქართველებო და რა არის ეს უკვე მარგინალიზებულად ქცეული სიტყვა - ქართველობა.
დღეს ჩვენ აქ ვდგავართ - ლექსო ლაშქარავას მედია ლაშქარი და მე ყველას გთხოვთ, რომ დადგეთ ჩვენს გვერდით, აი იმ მაყურებელს, რომელიც ახლა გვიყურებს, რომელიც უყურებდა როგორ სჯიდნენ, როგორ ნადირობდნენ ჩვენს კოლეგებზე ეს არაადამიანები. ყველას გთხოვთ, ეს უნდა დამთავრდეს. იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანაში ხელისუფლება, რომელსაც ჰგონია, რომ გაერთიანებულ მედიასთან ომს მოიგებს.
დღევანდელი სიკვდილით, ქართული მედია თავიდან დაიბადა, უფრო ძლიერი გახდა და დღეს ჩვენ მედია ყველა ერთად ვართ და ერთად ვართ ჩვენს მაყურებელთან ერთად და ჩვენ ბევრნი ვართ.
წარმოდგენაც კი არ მინდა, მე ალბათ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისთვისაც დღეს ყველაზე კარგად ესმის ლექსო ლაშქარავას დედის. ეს რა ქართველობაა, თქვენ მოგმართავთ, აი იმ წვეროსნებს, რა არის ეს, როდესაც მიცვალებულს ძალით ართმევენ დედას. რა არის ეს, როდესაც ცელოფანში ძალით ახვევენ და შემდეგ ლიფტში ძალით ტენიან. თქვენ ხომ ამას უყურეთ? ეს არის თქვენი სამშობლო და იდეალები? სად არის ნამდვილი საქართველო და იდეალები? სად არის და აი, აქ არის, თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფერადი", - თქვა მაია ასათიანმა.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
- 2025 წლის შემოდგომა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის დაუვიწყარი იქნება
- ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა