"პატარა ქალაქი, მხოლოდ სისხლით სუნთქავდა" - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე ბავშვობის მოგონებებს იხსენებს და ერთ-ერთი დაბადების დღის ისტორიას ჰყვება.
"1993 წლის 8 აპრილს კლასელები გავაფრთხილე. დედაჩემმა ნათესავისგან ფული ისესხა - ლიმონათები და შოკოლადები ვიყიდეთ, კარაქი და ვანილის ფხვნილი. მამაჩემი სოფელში იყო, თხილებში გაზაფხულის ბალახს თიბავდა.
ძალიან მიხაროდა. პირველი დაბადების დღე იყო, რომელსაც აღვნიშნავდი. თან კლასელები მოდიოდნენ.
9 აპრილს, საღამოს, უჩვეულოდ თბილოდა, მაგრამ ღუმელი მაინც დავანთეთ. ტორტი ცხვებოდა. ტორტის ცხობის პარალელურად კი, აი, მაშინ, როცა დედაჩემს ბეზე ამოყავდა - ,,ბეზეს ამოყვანა" - ასე არ ეძახდნენ ამ ამბავს? ზუსტად აღარ მახსოვს - ათი სახლის მოშორებით, ჩემი მეზობელი და მისი საცოლე ჩაცხრილეს - მეზობელი ხუთ დღეში გარდაიცვალა. საცოლე გადარჩა. თუმცა იმ დღეებში უფრო პირიქით ვარაუდობდნენ.
მეორე დღეს, პატარა ქალაქი, მხოლოდ სისხლით სუნთქავდა. ,,გადარჩება?" "ვინ ესროდა მაგას, ალბათ ქურდებისგან ჰქონდათ ზაკაზი" "საცოდავი დედამისი" ,,ძმაკაცები აიღებენ აბაროტს" ,,სექტემბერში ქორწილი უნდა ჰქონოდათ".
მე კი ვიჯექი ტორტთან მარტო, რთულად გადასახდელი ვალით გაწყობილ სუფრაზე და ტირილიც კი არ მინდოდა. ან რომ მეტირა, ვინ დამამშვიდებდა? არავინ, ვერავინ.
მას მერე დაბადების დღე არ აღმინიშნავს. ყოველ 10 აპრილს, სულ იქ ვზივარ, ცარიელ, უსტუმრო სუფრაზე. აი, ახლაც, როცა უამრავი თქვენგანი მილოცავს და დაუმსახურებელ სიყვარულს მითვლის, იქ ვარ. ის არის ჩემი სამშობოლო, უცნაური და რთული, რომელიც ძალიან მიყვარს.
აგერ, გუშინაც ხომ გლოვის დღე იდგა.
დაბადების დღედ იქით იყოს და მე რა შემიძლია ამდენი სურვილის პასუხად? ბევრი ვერაფერი. მადლობა მხოლოდ და ძალის მოკრება, იმ გზაზე სავალად, ოდესღაც რომ ავირჩიე. ისე სავალად, დაღლა რომ არ დამეტყოს. არც ის ცარიელი სუფრა",- წერს გიორგი კეკელიძე.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
