"მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ ბოროტი ძალების მიერ სხვადასხვა მავნე ტექნოლოგიის და თეორიის მეშვეობით, სხვათა შორის, ეს ძალები ებრძვიან არა მარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ზოგადად ტრადიციულ ოჯახს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მან ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი სიხარულია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ეკლესიაც, ხალხიც, ასეთი შემართებითა და ერთსულოვნებით აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს.
ეს ნიშნავს, რომ ვაცნობიერებთ, თუ რა საშიშროება ემუქრება ოჯახს და რამდენად მოსაფრთხილებელი და გადასარჩენია იგი.
ქაშუეთის ტაძართან გითხარით, რომ მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ ბოროტი ძალების მიერ სხვადასხვა მავნე ტექნოლოგიის და თეორიის მეშვეობით. სხვათა შორის, ეს ძალები ებრძვიან არა მარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ზოგადად ტრადიციულ ოჯახს. მინდა ასევე ვთქვა, რომ ისინი ებრძვიან სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის ცნებასაც, რადგან როგორც გითხარით, მცირე ეკლესია ოჯახია - დიდი ეკლესიის ნაწილი, ასევე კაცობრიობის უდიდესი მოაზროვნეები, ისეთები, როგორებიც იყვნენ, არისტოტელე და სხვები, წერენ, რომ ოჯახი არის სახელმწიფოს ფუძე, სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან. არისტოტელე პირდაპირ წერს ამას. საერო ტრადიციაც მსგავს რამეს ამბობს. ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს, წინ აღვუდგეთ ამ ტექნოლოგიებსა და თეორიებს; და თუ რაიმე უკვე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცადოთ, შევაკავოთ და აღმოვფხვრათ ისინი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით მეტად სასიკეთო და ქმედითი, გაბედული ნაბიჯები გადადგა. ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ.
ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ამ მიმართულებით გადადგმული მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება. ამიტომ დღეს მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა სამი მილიონ შვიდასი ათასამდე. ამ უმძიმეს მოვლენას, რა თქმა უნდა, გარდა სხვადასხვა გარემოებისა, ხელს უწყობს აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალოდ გამოყვანილი რიცხვი ყოველწლიურად გაკეთებული აბორტებისა არის საშუალოდ დაახლოებით 22 000. თუ ამას მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, ანუ აბების მეშვეობით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი სამმაგი და ოთხმაგიც არის. წარმოიდგინეთ, თუ წელიწადში დაახლოებით 40-50 ათასამდე ასეთი აბორტი კეთდება, რა რიცხვს ვიღებთ ათი და ასი წლის შემდეგ. ამ მონაცემებით წელიწადში დაახლოებით 50-55 ათასი ადამიანით იკლებს ჩვენი ქვეყანა რიცხობრივად. ამ ყველაფერზე გვაქვს დასაფიქრებელი.
აბორტი არის უმძიმესი ცოდვა. ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში. ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი, ქვეყანა არ იღებს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია. ჩვენ ამით ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე.
ჩნდება კითხვები, რომ ვართ კი ბრძოლისუნარიანები, არის თუ არა ჩვენში ეს ბრძოლისუნარიანობა და სიცოცხლის სურვილი. ეს აუცილებლად გამოიღებს და უკვე მოაქვს თავისი უარყოფითი შედეგები. როგორც არსებობს ფიზიკის კანონები, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებასა და სიკვდილსაც კი, ასევე არსებობს სულიერი კანონებიც; მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებას, სულიერ დარღვევას და სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას.
უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში.
მაშ, რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რათა აბორტი გააზრებული იყოს, როგორც დიდი ცოდვა. ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი არის ადამიანი, ადამიანის მოკვლა კი არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერებისა და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია.
ამ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასეთი მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. ამერიკის შეერთებულ შტატების ათ შტატში აკრძალულია აბორტი. ბევრ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სხვადასხვა რეგულაციაა დაწესებული.
ასე რომ, ალბათ დადგა დრო, რომ ვიფიქროთ ამაზე, ვიფიქროთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე. ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები. იქნებ ვიფიქროთ მათ დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, არის კარგი პრაქტიკა, როდესაც წელიწადში ერთხელ სკოლებში, მაღალ კლასებში, გოგონებთან შედიან სპეციალისტები და ესაუბრებიან, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ყოველმხრივ, აღარ ვამბობ, დემოგრაფიაზე. რა თქმა უნდა, საჭიროა საუბარი, რა სულიერი ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს. ძალიან ეფექტიანი ყოფილა ეს პრაქტიკა. შემდეგ კი მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს და გაამკაცრებს ამ საკითხს. ეს აუცილებელია.
ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამა, რომლებზეც შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ, სახელმწიფოსთან ერთად ეკლესიაც მზად არის, ჩართული იყოს ამაში და დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში.
იმედია, ღვთის წყალობით, ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას, ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებასა და გაძლიერებას.
როგორც ამბობს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: „ოჯახი - ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი. თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანაც და სახელმწიფოც იქნება გამართული და ძლიერი“. შეგვეწიოს უფალი ამაში. ასეთი აზრები წარმოიშვა დღეს ამ დიდებულ დღესთან დაკავშირებით და ძალიან ვხარობთ, რომ ამ მიმართულებით ერთსულოვანნი ვართ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღვთისმშობლის მადლითა და მეოხებით, უფალმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა და გააძლიეროს ჩვენი ოჯახები“, - განაცხადა მეუფე შიომ.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"
- გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს