"ვევედრებით წმინდა გიორგის, დაიფაროს სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან" - მეუფე შიო
წმინდა გიორგი არის გამარჯვების სიმბოლო, ამიტომ თუ გვინდა, ვიყოთ გამარჯვებული, რომ შეგვეწიოს წმინდა გიორგი, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, პირველ რიგში, ჩვენს სულში - ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ვნებებს, ასევე - ჩვენს ხალხში გავრცელებულ ცოდვებს , - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)გიორგობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
მეუფე შიოს განცხადებით, ეს შემართება უნდა გვქონდეს და მაშინ წმინდა გიორგის შეწევნაც უფრო ძლიერი იქნება, ჩვენც ვიქნებით გამარჯვებული და საქართველოც იქნება უძლეველი და გამარჯვებული.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა გაგახაროთ მისი ლოცვით და მადლით.
იგი ცხოვრობდა 17 საუკუნის წინ. აი, ასეთი დრო გვაშორებს მისგან, მაგრამ საოცარი ის არის, რომ მის შესახებ მხოლოდ ხსოვნა კი არ გადაეცემა თაობიდან თაობას, არამედ ვგრძნობთ მასთან ცოცხალ კავშირს და ეს შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ ეკლესიაში. ასეთი მემკვიდრეობითობის გადაცემა მხოლოდ ეკლესიაში ხდება, იმიტომ რომ ეკლესიაში არავინ არ არის მკვდარი, ყველა ცოცხალია და წმინდა გიორგიც ცოცხალია ღვთის წინაშე. ამიტომ მას განვადიდებთ არა, როგორც მრავალი საუკუნის წინ მცხოვრებ ისტორიულ პიროვნებას, არამედ ჩვენს თანამედროვეს, ძვირფასო ძმებო და დებო. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენც, ვართ რა ეკლესიის წიაღში, ვეკუთვნით მარადისობას. როდესაც ვასრულებთ წმინდა ლიტურგიას, ვეხებით თვით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩვენ გავდივართ ამ მიწიური, ფიზიკური ყოფის საზღვრებს გარეთ და ვეხებით მარადისობას.
ამდენად, წმინდანები ჩვენთვის არ არიან მხოლოდ ისტორიული გმირები, არამედ სულიწმინდის ძალით, როდესაც ვეცნობით მათ ცხოვრებას, ვეხებით მათ ღვაწლს ლოცვის მეშვეობით, შევდივართ მათთან რეალურ კავშირში, ვამყარებთ ამ კავშირს.
წმინდა დიდმოწამე გიორგი მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაში არ არის განდიდებული, არამედ მას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ცხოვრებაშიც. ჩვენი გაქრისტიანებიდან მოყოლებული ქართველი ხალხი ევედრებოდა წმინდა გიორგის ყველაზე მძიმე წუთებში, განსაკუთრებით - ომიანობის დროს. წმინდა გიორგი ლოცულობდა ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის ღვთის წინაშე და ჩვენი ხალხი იღებდა იმას, რასაც ითხოვდა და უფალი წმინდა გიორგის ლოცვით აძლევდა ჩვენს ერს, ჩვენს მხედრობას, ჩვენს ხალხს გამარჯვებებს.
შეიძლება იმანაც განაპირობა ჩვენი ასეთი სიყვარული წმინდა გიორგისადმი და მისი ასე განსაკუთრებულად გამოვლენილი მფარველობა, რომ იგი იყო კაპადოკიელი. როგორც იცით, ცნობილია, რომ კაპადოკიაში ქართული ტომი სახლობდა. მაგალითად, იყო ასეთი ძალიან დიდი და ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ძველი დროის ისტორიკოსი და მწერალი იოსებ ფლავიუსი, რომელიც ეხება ქართველ ტომებს, მათ შორის, იბერებს და წერს ასეთ რამეს, რომ მოსოხები, რომელთა მამამთავარიც იყო მოსოხი, ამჟამად კაპადოკიელებად იწოდებიანო. ბევრი მეცნიერის აზრით, ეს მოსოხები ან მოსოხენები იგივე მესხებია.
ასე რომ, ჩვენ დღესაც ვევედრებით წმინდა გიორგის, რომ დაიფაროს ჩვენი სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან, დაგვიცვას. როგორც იცით, იგი არის გამარჯვების სიმბოლო, ამიტომ თუ გვინდა, ვიყოთ გამარჯვებული, რომ შეგვეწიოს წმინდა გიორგი, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, პირველ რიგში, ჩვენს სულში ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ვნებებს, ასევე - ჩვენს ხალხში გავრცელებულ ცოდვებს. ეს შემართება უნდა გვქონდეს და მაშინ წმინდა გიორგის შეწევნაც უფრო ძლიერი იქნება, ჩვენც ვიქნებით გამარჯვებული და საქართველოც იქნება უძლეველი და გამარჯვებული.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, მამა ავგუსტინე, თქვენ, ამ ტაძრის სამრევლოს განსაკუთრებით გილოცავთ. ძალიან მიხარია, რომ თქვენი სამრევლო დიდ როლს ასრულებს ჩვენი ეპარქიის ცხოვრებაში, განსაკუთრებით, განათლების თვალსაზრისით. ასე რომ, მინდა, მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ თქვენი სიყვარულისთვის, ერთგულებისა და ერთობლივი ლოცვისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წმინდა გიორგის ლოცვით და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.
სიახლეები
- მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა
- "მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის " - გიორგი ვაშაძე
- გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
- "გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას" - სალომე ზურაბიშვილი
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი