"თენგიზ ცერცვაძემ ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა" - ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარის წერილს ავრცელებს.
"დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე.
უცხოელი კოლეგების მხარდაჭერითა და ნდობის წყალობით და, რა თქმა უნდა, თავისი ნიჭითა და გამოცდილებალით მან ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა, ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა.
ბატონი თენგიზის სხვა დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან თავისი სკოლა შექმნა და ურთულეს ინფექციებთან საბრძოლველად ძლიერი აკადემიური გუნდი ჩამოაყალიბა.
სამაგალითო იყო მისი დამოკიდებულება პაციენტებისადმიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა თვითონ ჰქონდა, გადამდები დაავადების მქონე ავადმყოფებს არ ერიდებოდა და უშუალო ურთიერთობითა და მანუგეშებელი სიტყვით წამალზე მეტად მათ სულიერად ეხმარებოდა.
ამ თვისებათა გამო იგი საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა. პირადად მეც მქონდა მასთან ახლო ურთიერთობა და ყოველთვის დიდად ვაფასებდი მის პიროვნებას.
ვუსამძიმრებ მეუღლეს, ქალბატონ ანას, ინფექციური საავადმყოფოს მთელ კოლექტივს, საერთოდ მედიკოსებს და ჩვენს საზოგადოებას და თქვენთან ერთად შევთხოვ ყოვლადმოწყალე უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს ბატონი თენგიზის უკვდავი სულის ცხონებას", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
