"9 აპრილი ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია ტკივილთან, მეორე მხრივ კი, სიხარულთან"
9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია დიდ ტკივილთან, მეორე მხრივ კი სიხარულთან, წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში.
„9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორე მხრივ კი, სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა.
წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც – იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი, ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ…
ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე.
ჩემის მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს“, – აღნიშნავს ილია მეორე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
