წმინდა ბარბარეს ხსენების დღე
ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბარეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს სწირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.
ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბარეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას. ღვთაება ბარბარეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბარესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბარეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყისი თვე.
ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
