"ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება"-გიორგი რურუა
ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, - ამის შესახებ „მთავარი არხის" ერთ- ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ბრალდებულის განმარტებით, მისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და მას იარაღი „ჩაუდეს“.
ამასთან, რურუა სხდომაზე გამოეხმაურა წერილს, რომელიც მისი ადვოკატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამეტარებს გაუგზავნა.
„ბატონო მოსამართლე, მინდა ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა უბრალოდ მაგალითი მოვიყვანო, მსოფლიოში, მადუროს ვენესუელას, ბელარუსის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე?
ბატონ კუჭავას, რაღაც აბსურდული სისულელეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“, - განაცხადა გიორგი რურუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან პოლიციის ის თანამშრომლები და გამომძიებელი, რომლებმაც შეადგინეს ოქმი და მიუთითეს, რომ ნივთების ამოღება ჩატარდა საკანში მშვიდ გარემოში, ხოლო ციხიდან ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერებით დასტურდება, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ამის თაობაზე ოქმის შემდგენ პირებთან ექნებათ კითხვები.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში