August 6, 2025

მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა.

 

მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.

 

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

ამ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოსთან შეკრებილები პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ: "მონებო!"

 

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

 

საპატიმროში ყოფნის დროს გაუარესდა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა - "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%".

 

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

 

მზია ამაღლობელს პროკურატურა სთავაზობდა საპროცესო შეთანხმებას, თუმცა ის წინააღმდეგი იყო. თავის დასკვნით სიტყვაში, მზია ამაღლობელმა თქვა, რომ მისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება „სიკვდილივით“ იყო:

 

"არა და ვერ მოვაწერ ხელს - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა და სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. 7 თვეა ამაზე ვფიქრობ.

 

ჩემი დაკავების პირველივე დღიდან ამ სასამართლო სხდომათა დარბაზში მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც ვიმეორებ: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით დგებუაძისგან. მგონია, რომ კანონში წერია „სილის გაწვნის“ ადეკვატური მუხლი“.

 

მზია ამაღლობელი და მისი ადვოკატები 7 თვის განმავლობაში ლაპარაკობდნენ იმ შეურაცხყოფაზე, რომელიც მას დაკავების შემდეგ მიაყენა ირაკლი დგებუაძემ:

 

„ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ. ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა.

 

მადლობა ეკუთვნით მათ.

 

ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა - ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო, ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა“, - ჰყვებოდა ის თავის დასკვნით სიტყვაში 4 აგვისტოს.

 

მზია ამაღლობელის გათავისუფლებას თვეების განმავლობაში ითხოვდა არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. მის სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოების, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მოუწოდებდნენ „ქართულ ოცნებას“, მოეხსნათ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეეწყოთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

 

სასამართლო სხდომები იმართებოდა საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც მზია ამაღლობელის კოლეგები და აქტივისტები, ისე რიგითი მოქალაქეები.

წაკითხვა 63 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 06 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.