June 24, 2025

ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კომისიაზე არმისვლის გამო

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. 

 

მას ასევე აეკრძალა 2 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება. სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ზვიად შარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.

 

მამუკა ხაზარაძე და მისი პარტიის წევრები საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებისას დარბაზში არ ყოფილან. მათ სასამართლო პროცესის პარალელურად პარტიის ოფისში გამართეს ბრიფინგი. ამ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

 

"მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს შემართებას, ჩვენს სულისკვეთებას და ჩვენს ბრძოლას ამ ტემპს მოაკლებინებს ან რაღაც კომპრომისზე წაიყვანს. დღეს ჩვენ შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება, ან საპატიმრო, მაგრამ მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი ამ გზავნილს ბიძინა ივანიშვილს - არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შენი შეგვეშინდეს, ეს მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთ ქვეყნებთან, რომლის ლიდერების პანაშვიდზე ე.წ. პრემიერ-მინისტრს აგზავნიან. ეს არის ბრძოლა, ეს არის ჩვენს შორის განსხვავება. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ პოლიტიკაში ვართ.

 

5 წელი დაგვდევდი, რომ 12-წლიანი მუხლი მოგესაჯა. არ დაგვიტოვებია ქვეყანა და გეუბნები, არც ახლა ვაპირებთ ქვეყნის დატოვებას. ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენი გუნდი მზადაა ბრძოლისთვის და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ჩემი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, ჩვენს მეგობარს, თანამებრძოლს. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი კარგი მომავალი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ოკუპაციისგან და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ!“ - თქვა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მედიასთან განცხადება გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც - სასამართლომ მის საქმეზეც დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

 

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ. ამოცანაა, რომ გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა. ხელი ჩავიქნიოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ბრძოლისთვის - ეს არ მოხდება.

 

ეს არ არის საგამოძიებო კომისია, ეს არის ერთპარტიული სადამსჯელო მანქანა,რომელიც უსწორდება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის, რომ სადამსჯელო მანქანა გამოიყენოს ჩვენს გასაჩუმებლად, ჩვენს გასატეხად, ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, არასდროს ვუღალატებთ თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეალებს. ასე იყო მთელი ჩემი ცხოვრება და ასე გაგრძელდება მუდამ“, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. გადაწყვეტილება მის საქმეზე 23 ნოემბერს დღის 5 საათზე უნდა გამოცხადდეს.

 

ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მას ამ საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადა.

 

მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან არ გადაიხადა გირაო.

წაკითხვა 70 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.