"თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს“
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზეც ისაუბრა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მან ცნობილ დიზაინერს - ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა სთხოვა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და წარწერა - თავდაცვის ძალები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც. „საზოგადოებისთვის რომ განვმარტო, თითო საათი165 აშშ დოლარი ჯდება. თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მინდა, რომ წავახალისო, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა სასაჩუქრე საათების უტენდეროდ შეკვეთაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ტენდერის ჩატარება დიზაინერსა და პოლიტიკოსს შორის ვერ მოხდებოდა.
„ზვიად ციკოლიაცნობილია თავისი გამოგონებებით, დიზაინით და პირდაპირ მას დავუკვეთეთ. საუბარია 83 ათას დოლარზე, რომელიც ჯარს მოხმარდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასაჩუქრე საათების შეკვეთა პანდემიის დაწყებამდე - დეკემბერში მოხდა. მინისტრის განცხადებით, ის ბიუჯეტის მიხედვით ხელმძღვანელობს და ყველა ხარჯი თავიდანვე გათვალისწინებული და გააზრებულია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
