"საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია" - თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და „ჯაველინებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტრო განმარტავს, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უკრაინამ საქართველოს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა.
მათივე ცნობით, ასევე ათობით მილიონი დოლარია გადახდილი 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემის, „ჯაველინის“ შესყიდვის მიზნით.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით.
საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები.
რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში ნათქვამია: „უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა“. როგორც კასიანოვი სტატიაში აღნიშნავს, ასევე უკრაინის მოთხოვნა მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე