ცხინვალი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს, - ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო "რესი“ იუწყება.
"30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის "ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, "საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდულობით, გამოგონილი მიზეზებით უკანონოდ ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
