ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დაიწყო.
როგორც “რადიო თავისუფლება“ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ღია უნდა ყოფილიყო, სასამართლო დარბაზში არავინ შეუშვეს. მათივე ინფორმაციით, პროცესს თავად გაფრინდაშვილიც ესწრება.
საქმეს განიხილავს “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ექიმის ინტერესებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
