"ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირების მიმართულებით, ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა.
"დღეს აქედან მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას - ერთობლივად ვიმოქმედოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევებზე რეაგირებით; ერთობლივი ძალისხმევით შეეწყოს ხელი ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ქართული მიწა ყოველ დღე ექცევა მცოცავი ანექსიისა და ე.წ. ბორდერიზაციის ქვეშ. ეს გულისხმობს ადამიანთა გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებს და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევას – განსაკუთრებით გალის რაიონში. პანდემიის პერიოდში, ამან პრინციპში შეუძლებელი გახადა სამედიცინო დახმარების მიზნით ადამიანთა ევაკუაცია.
ყველა ეს ქმედება უმძიმეს ტვირთად აწევს მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ყოველივე ამის მიზეზი კარგად უნდა გვესმოდეს: წინასწარ დაგეგმილი ეთნიკური წმენდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გამოსადევნად. ამას ბოლო უნდა მოეღოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
