საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას, - ამის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
“რაში აწყობს რუსეთს და რატომ გახდა აუცილებელი აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადაყენება და მის მაგივრად სხვა „პრეზიდენტის" არჩევა, თუ მაინცდამაინც ორივე ძალა მის მიერვე მართულია. ექსპერტები ამ საკითხის განხილვისას ხაჯიმბას უხეშ პოლიტიკას უსვამენ ხაზს, მიიჩნევენ, რომ იგი აფხაზური საზოგადოებისთვის განსაკუთრებით კი გალელებისთვის, "უტიფარი" და „კაცთმოძულე" იყო. რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, რასაც ე.წ. სამთავრობო აგარაკთან შეკრებილები მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ”, - წეს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
14 იანვარი საქართველოში სახელმწიფო დროშის დღედ აღინიშნება.
ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის დადგმულ შოუზე სასამართლოში, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სადაც მან ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი შეადარა ერთმანეთს.
“ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ - კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შესრულებული იყო. ანაკლიის განვითარების პროექტში ჩადებულია 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, არის ინვესტორიც, რომელსაც პროექტი უნდა დაემთავრებინა. დღეს მე კონსორციუმის სახელით დეტალებსა და სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებზე ვერ ვილაპარაკებ. კომპანიას ჰყავს მაღალკვალიფიციური იურისტები, რომლებიც პროექტში მონაწილე თითოეული ინვესტორის ინტერესებს დაიცავენ. ინვესტორები არიან ამერიკიდან, ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, ინგლისიდან, უზბეკეთიდან. მათ სარისკო ზონაში, საოკუპაციო ზონიდან 4 კილომეტრში, პროექტში ჩადეს ფული”, - აცხადებს “თიბისი ბანკისა” და პარტია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა ხაზარაძე: „ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ მაინც მოვუგებთ“ / “ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო პროექტში. სინამდვილეში სახელმწიფომ მოსახლეობისგან გამოისყიდა მიწები, რომლებიც დღემდე მის ბალანსზეა. რეალურად ხელისუფლებას არც თანხა გადმოუცია და არც მიწები, უბრალოდ, მისი შესყიდული და სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწები გაასუფთავა”.
“ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება. ინფორმაცია “არჩევნების” თარიღის დანიშვნის შესახებ ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაავრცელა და თარიღად 21 მარტი გამოაცხადა, თუმცა შემდეგ დე ფაქტო ცესკოში დააზუსტეს, რომ ეს 22 მარტს მოხდება. დე ფაქტო ცესკომ გადაწყვეტილება კვირას დილით მიიღო. მას ამისთვის ვადა 13 იანვრამდე ჰქონდა, თუმცა სოხუმის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა პროცესის დაჩქარება მოითხოვეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 22 მარტი - სოხუმში “არჩევნების” თარიღი დანიშნეს და ახლა იმას არკვევენ, თუ ვინ უნდა იყოს დროებითი “პრეზიდენტი”.
