September 17, 2025

ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას.

სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1 500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის სრული მზაობის მიღწევას.


იმიტირებულ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას სიღნაღში პირადად გაეცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, იმიტირებული კენჭისყრის გამართვის მიზანი არამხოლოდ არჩევნებისადმი მზადყოფნის შემოწმება, არამედ საარჩევნო უბნებზე ტექნოლოგიური საშუალებების და ლოგისტიკური საკითხების რეალურ გარემოში პრაქტიკული შემოწმებაა. მისივე თქმით, ასეთი იმიტირებული კენჭისყრა ქმნის შესაძლებლობას, რომ კომისიის წევრებმა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა, დაიხვეწოს მათი მოქმედების კოორდინაცია და გაუმჯობესდეს პროცესის მართვის უნარები.


„საარჩევნო ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 207 ლოკაციაზე ჩაატარა იმიტირებული კენჭისყრა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრატორები და ტექნიკური პერსონალი მონაწილეობდნენ. იმიტირებული კენჭისყრის მიზანია არჩევნებამდე კიდევ ერთხელ ვნახოთ ტექნოლოგიური საშუალებების მზაობა, ლოგისტიკისა და ადმინისტრირების სხვა ასპექტები, მათ შორის ჩვენი სწავლების შედეგები - თუ როგორ იყენებენ საარჩევნო კომისიის წევრები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საარჩევნო
ადმინისტრაცია სრულად არის მზად ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.


იმიტირებული კენჭისყრის მიმდინარეობას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სპიკერი ნათია იოსელიანი გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გახსნილია 3 051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

წაკითხვა 11 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 17 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.