კორონავირუსით გარდაცვლილ პედაგოგთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 51-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, განათლების სისტემაში 2 წელია აღარ მუშაობს.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში შეგნებულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თბილისის 51-ე საჯარო სკოლის შესახებ, რომელიც სამინისტროს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
განვმარტავთ, რომ ეპიდემიოლოგების დასკვნის საფუძველზე 51-ე საჯარო სკოლა 14 აპრილიდან, ანუ, უქმე დღეების დაწყებამდე 2 კვირით ადრე სრულად დისტანციურ ფორმატში სწავლობდა. ამ პერიოდში და უქმე დღეებშიც მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს არაერთგზის ჩაუტარდა სავალდებულო ტესტირება. ხოლო 13 მაისს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებამდე, სკოლის შენობას ჩაუტარდა დეზინფექცია.
რაც შეეხება მასწავლებელს, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მან სკოლა თითქმის ორი წლის წინ დატოვა. 2019 წელს განცხადების საფუძველზე მან მიიღო საპენსიო ასაკის პედაგოგებისათვის დაწესებული ჯილდო და საკუთარი ნებით გავიდა განათლების სისტემიდან. შესაბამისად, ის ამჟამად არ არის 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი.
აღნიშნული ინფორმაცია მედიას სრულად მიაწოდა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა. თუმცა ინფორმაცია გაშუქდა იმგვარად, თითქოს სამინისტრო სკოლებს აიძულებს კოვიდის დაფიქსირების მიუხედავად, სწავლა სკოლის შენობებში განაგრძონ, რაც აშკარა დეზინფორმაციაა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე